ყალბი პირადობის მოწმობების შესაძლო ბეჭდვაზე ინფორმაციის წყაროს გამხელას არც გიორგი ონიანი აპირებს
ყალბი პირადობის მოწმობების შესაძლო ბეჭდვაზე ინფორმაციის წყაროს გამხელას არც გიორგი ონიანი აპირებს

ყალბი პირადობის მოწმობების შესაძლო ბეჭდვის საქმეზე პროკურატურაში „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე გიორგი ონიანი გამოიკითხება.

როგორც გიორგი ონიანმა აღნიშნა, ინფორმაციის წყაროს დასახელებას არც თავად აპირებს.

„მეც არ ვაპირებ წყაროს დასახელებას. ეს არის უმნიშვნელოვანესი, ის ფუძემდებლური პრინციპი, რის საფუძველზეც მუშაობენ უფლებადამცველი ორგანიზაციები”, – განაცხადა ონიანმა.

მისივე თქმით, თავადაც ესწრებოდა შეხვედრას, სადაც ყალბი პირადობის შესაძლო ბეჭდვაზე იყო საუბარი.

„მეც ვესწრებოდი იმ შეხვედრას, სადაც მოგვიყვნენ ამ ინფორმაციის შესახებ, შემდეგ ჩვენ გადავამოწმეთ, სარწმუნოდ მივიჩნიეთ და ვამცნეთ საზოგადოებას. მოვუწოდეთ სამართალდამცავ ორგანოებს, რომ გამოიძიონ”, – განაცხადა ონიანმა.

კითხვაზე, ინფორმაცია ერთი წყაროდან მიიღეს, თუ რამდენიმესგან, ონიანია აცხადებს, რომ ამ საკითხის დაზუსტება არ სურს.

„ჩვენ ნამდვილად არ გავამხელთ წყაროს ვინაობას. ხვალ რომ რაღაცა კიდევ ესეთი ინფორმაცია იყოს, სადაც ვინმე მაღალი თანამდებობის პირი სავარაუდოდ სადღაც რაღაცაში იყოს ჩარეული, ჩვენ უნდა გვქონდეს ნდობა, რომ არ დავასახელებთ ჩვენთან მოსულ ადამიანს. არის საკმარისი ინფორმაცია, რომ გამოძიება სრულიად თავიდან ბოლომდე ჩატარდეს. ეს ინფორმაცია არის იმ ადამიანების შესახებ, ვინც სავარაუდოდ ჩარეული არიან, იმ ტერიტორიული ერთეულების შესახებ და ასე შემდეგ”, – განაცხადა ონიანმა.

რაც შეეხება წულუკიანის განცხადებას, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები ტყუილში გამოიჭირეს, ონიანი აცხადებს, რომ წიკულიანისგან შეტევა უცხო არ არის.

„ის ყველა ნებისმიერ საბაბზე იწყებს ხოლმე ჩვენზე შეტევის განხორციელებას, მათ შორის საქართველოში და საქართველოს ფარგლებს გარეთ”, – განაცხადა ონიანმა.

სამი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიების დაწყება მოითხოვეს. გამოძიება დაიწყო.  სამი არასამთავრობო ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორები ეკა გიგაური, ირმა პავლიაშვილი და მიხეილ ბენიძე, ასევე სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები სოსო გიორგაძე და ბეჟან ობგაიძე გამოიკითხნენ. პროკურატურის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდებაზე და წყაროს დასახელებაზე უარი განაცხადეს.