გიორგი მარგველაშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატის შესარჩევად ორშაბათიდან კონსულტაციებს იწყებს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატის შესარჩევად ორშაბათიდან კონსულტაციებს იწყებს.
ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, სასამართლო სისტემაში უმაღლესი თანამდებობის პირის მიერ პოსტის დატოვება არის თავისთავად უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხი, თუმცა განსაკუთრებით მნიშვნლეოვანია მოვლენები, რომელიც ამ გადაწყვეტილებას უსწრებდა წინ.
„არაერთი მოსამართლე ან იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ხაზს უსვამდა იმ მძიმე ვითარებას, რომელიც არის სასამართლო სისტემაში. იმავე საკითხზე ჩვენ ყოველდღიურად გვესმის კრიტიკა და შეშფოთება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან. ყველაზე ნიშანდობლივი არის ნინოს განცხადება, როდესაც ქვეყნის პირველი მოსამართლე ამბობს, რომ ის ძალადობის მსხვერპლია. არ მინდა, ეს გადადგომაც იყოს ისე მიჩქმალული, როგორც ბევრი მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენა ჩვენს ცხოვრებაში. სასამართლო სისტემის გაჯანსაღება, იქ არსებული ვითარების თვისობრივად შეცვლა, არის უმნიშვნელოვანესი გამოწვევა. გამოწვევა, რომელსაც ჩვენ ან ვუპასუხებთ, ან დავრჩებით იმ მანკიერ წრეზე, რომელსაც არაერთი სერიოზული პრობლემა შეუქმნია სახელმწიფო სისტემისთვის და მოქალაქეებისთვის. ორშაბათიდან ვიწყებ ფართო კონსულტაციებს, რომელიც მოიცავს უაღრესად გახსნილ, დემოკრატიულ ჩართულობას ყველა იმ პირისა, რომელსაც ძალუძს დაეხმაროს სახელმწიფოს ახალი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევაში”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
პრეზიდენტმა აკადემიური სფეროს წარმომადგენლებს, იურისტებს, იმ ადამიანებს, ვინც წლების განმავლობაში მუშაობდა საქართველოს სასამართლო სისტემის გაჯანსაღებაზე, პროცესში ჩართვისკენ მოუწოდა.
„ყველა უნდა ჩაერთოს პროცესში, რომლის მიზანიც უნდა იყოს ისეთი ადამიანის შერჩევა, რომელიც შეძლებს დაიწყოს სასამართლო სისტემის გაჯანსაღება, რომელსაც ექნება საკმარისი კვალიფიკაცია და მორალური ძალა, რომელსაც ექნება საზოგადოების მხარდაჭერა, რათა დაიწყოს სასამართლო სისტემაში ის პოზიტიური პროცესები, რომელიც უმნიშვნელოვანესია ჩვენი დემოკრატიისათვის. დარწმუნებული ვარ, ჩვენ, როგორც საზოგადოება, როგორც სახელმწიფო, შევძლებთ გავიაზროთ ის გამოწვევა, რომელიც ჩვენ წინაშე დგას. შევძლებთ მივხვდეთ, რომ დღეს ქალბატონი ნინოს გადადგომით გაშიშვლდა ის მრავალი პრობლემა, რომელზეც არაერთხელ არაერთი ჩვენი მეგობარი, ჩვენი პარტნიორი, ჩვენი ქვეყნის ავტორიტეტული იურისტები და ამ დარგის სპეციალისტები აღნიშნავდნენ. სასამართლო სისტემა უნდა გაჯანსაღდეს, ეს არის გამოწვევა, რომელიც უდრის ჩვენი დემოკრატიის, ჩვენი სახელმწიფოს, ჩვენი სამართლებრივი პროცესის და საზოგადოების ამ პროცესში ჩართულობის უზრუნველყოფას”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ნინო გვენეტაძის თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება უზენაესი სასამართლოს პრესსამსახურმა დღეს გაავრცელა. ნინო გვენეტაძის გადადგომის მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა და საზღვარგარეთ რამდენიმეთვიანი მკურნალობის საჭიროება სახელდება.