მზია თოდუა - მოსამართლის საქმიანობა დაკავშირებულია დიდ სტრესთან, შესაბამისად, არ გამკვირვებია, რომ ნინო გვენეტაძეს ჯანმრთელობა გაუუარესდა
მზია თოდუა - მოსამართლის საქმიანობა დაკავშირებულია დიდ სტრესთან, შესაბამისად, არ გამკვირვებია, რომ ნინო გვენეტაძეს ჯანმრთელობა გაუუარესდა

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი მზია თოდუა უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, ნინო გვენეტაძის გადადგომას სტრესს უკავშირებს და არ გამორიცხავს, რომ მისი სტრესის საფუძველი იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან ურთიერთობის საკითხიც ყოფილიყო.

ამასთან, მისი შეფასებით ნინო გვენეტაძე უმაღლესი დონის პროფესიონალია.

„მან ძალიან ბევრი რამ გააკეთა სასამართლ სისტემის გასაუმჯობესებლად. ძალიან ბევრი იშრომა, მაგრამ ნებისმიერი მოსამართლის საქმიანობა დაკავშირებულია ძალიან დიდ სტრესთან, მით უმეტეს, თავმჯდომარის. ამიტომ, გასაკვირს ვერაფერს ვხედავ იმაში, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუუარესდა“, – განაცხადა თოდუამ.

კითხვაზე, გამორიცხავს თუ არა, რომ გვენეტაძის სტრესის საფუძველი იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან ურთიერთობა ყოფილიყო, თოდუას თქმით, შესაძლოა, ასეც იყოს.

„შეიძლება ასეც იყოს. სტრესის საფუძველი არის ბევრი პრობლემა, მოსაგვარებელი საკითხები, საქმეები. მას არ ჰყავდა სრული შემადგენლობა და ყველა სისხლის სამართლის საქმეში მონაწილეობა და მისი განხილვა უწევდა“, – განაცხადა თოდუამ.

ამასთან, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს არ აქვს ინფორმაცია გვენეტაძის იმ განცხადების მიზეზსა და კონტექსტზე, სადაც უზენაესი სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ის იყო ძალადობის მსხვერპლი.

„ამას გაგრძელება არ მოჰყოლია. ვერ გეტყვით, არ მაქვს ინფორმაცია. თქვა, მაგრამ რა კონტექტსში, ვერ გეტყვით. მას ეს თემა არ გაუგრძელებია“, – აღნიშნა მზია თოდუამ.

ამასთან, მისი თქმით, ნინო გვენეტაძე თანამდებობიდან გადადგომის მეორე დღესვე უცხოეთში წავიდა სამკურნალოდ და მასთან აღნიშნულ თემებზე საუბარი არ ჰქონია, თუმცა, უკვე ჩამოვიდა და საქართველოშია.

კითხვაზე, არის თუ არა შესაძლებელი, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე თავად დაინიშნოს, თოდუა მიიჩნევს, რომ არა.

„ვფიქრობ, რომ არა, პირველ რიგში ასაკი – იანვარში 63 წლის გავხდები და პენსიაზე გავდივარ. ვაპირებ გასვლას, რადგან მძიმე სამუშაოა. დარწმუნებული ვარ, ამ თანამდებობაზე ღირსეული კანდიდატურა შეირჩევა“, – განაცხადა თოდუამ და ჟურნალისტის კითხვაზე, შეთავაზების შემთხვევაში დათანხმდება თუ არა, უპასუხა, რომ ალბათ, არ დათანხმდება.

თოდუა მიიჩნევს, რომ ნინო გვენეტაძის გადადგომის რეალური მიზეზი მართლაც იყო ჯანმრთელობის მდგომარეობა, რადგან მათ ძალიან მძიმე სამუშაო აქვთ.

ნინო გვენეტაძემ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობა აგვისტოს დასაწყისში დატოვა და ამის მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება დაასახელა.