მზია თოდუა - ნინო გვენეტაძე ფიქრობს, რომ ისევ დაუბრუნდება იურიდიულ საქმიანობას 
მზია თოდუა - ნინო გვენეტაძე ფიქრობს, რომ ისევ დაუბრუნდება იურიდიულ საქმიანობას 

ნინო გვენეტაძე ფიქრობს, რომ ისევ დაბრუნდება ან სამოსამართლო ან იურიდიულ პროფესიაში, – ამის შესახებ განცხადება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა მზია თოდუამ ნინო გვენეტაძის თანამდებობიდან წასვლის მიზეზებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, უზენაესი სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს რამდენჯერმე შეხვდა, სადაც დაუდასტურა, რომ იურიდიულ საქმიანობას დაუბრუნდება.

„რამდენჯერმე შევხვდი ნინო გვენეტაძეს. დადასტურდა ის, რაზეც ვსაუბრობდი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იყო იმ მომენტში სახარბიელო. ამჟამად გარკვეულ მკურნალობის კურსს გადის. ფიქრობს, რომ ისევ დაბრუნდება ან სამოსამართლო ან იურიდიულ პროფესიაში. შესანიშნავი პროფესიონალია და დარწმუნებული ვარ, სადაც იქნება, ღირსეულად გაართმევს თავს“, – განაცხადა მზია თოდუამ.

რაც შეეხება კითხვას, ხომ არ დადასტურდა, რომ საბჭო იყო ნაწილობრივ ნინო გვენეტაძის სტრესის ან თანამდებობის დატოვების მიზეზი, მზია თოდუა ამბობს: „შეიძლება იყო რაღაცები. მას ჩემთან ეს არ დაუკონკრეტებია, მაგრამ ზოგადად ვამბობ, ყველა ჩვენგანი არის ამ საფრთხის ქვეშ, რადგან მოსამართლის საქმიანობა არის სტრესული“.

უზენაესი სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ თანამდებობა მიმდინარე წლის 2 აგვისტოს დატოვა. ნინო გვენეტაძის გადადგომის მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა და საზღვარგარეთ რამდენიმეთვიანი მკურნალობის საჭიროება დასახელდა.