ნინო გვენეტაძე - თანამდებობა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დავტოვე, ზეწოლას კატეგორიულად უარვყოფ
ნინო გვენეტაძე - თანამდებობა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დავტოვე, ზეწოლას კატეგორიულად უარვყოფ

ნინო გვენეტაძე აცხადებს, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობა გასულ წელს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო დატოვა.

როგორც მან დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული თანამდებობიდან გადადგომის შემდგომი პერიოდი რეაბილიტაციას დაუთმო.

ამასთან, გვეეტაძის თქმით, მისი სურვილი იყო, აკადემიურ სფეროში გაეგრძელებინა საქმიანობა.

„მოგეხსენებათ, აგვისტოში დავტოვე თანამდებობა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო. ეს  ყოველთვის დიდი კითხვის ნიშნის საკითხია, მაგრამ ვადასტურებ, რომ რეალობას შეესაბამება. მთელი ეს დრო სარეაბილიტაციო პერიოდს მივუძღვენი. ჩემი დიდი სურვილი იყო, გამეგრძელებინა მუშაობა საგანმანათლებლო ხაზით. უნივერსიტეტში რექტორთან შეხვედრებმა, შემოთავაზებამ მიმაღებინა ეს გადაწყვეტილება და გადაწყდა ჩემი რექტორის მოადგილის პოზიციაზე განწესების საკითხი“, – განაცხადა ნინო გვენეტაძემ მისი თსუ-ს პრორექტორად დანიშვნის შესახებ.

ამასთან, გვენეტაძემ განმარტა, რომ მასზე არანაირი ზეწოლა არ განხორციელებულა და უზენაეს სასამართლოში მყარი საკონსტიტუციო ვადით იყო განწესებული.

„მე მივუთითე  გადადგომის მიზეზი და ახლაც ვახსენე, რომ მიზეზი გადადგომის იყო ჯანმრთელობის მდგომარეობა. ჩემი განცხადება დეტალურად შეიცავდა მიზეზებს. არ ვიცი, რატომ არ არის ეს სარწმუნო. მთელი ეს პერიოდი მოვახმარე ჯანმრთელობის რეაბილიტაციას, დღეს მაქვს უნარი და ჯანმრთელობაც მიწყობს ხელს, რომ საგანმანათლებლო საქმიანობა განვახორციელო. არავითარი ზეწოლა ჩემზე არ განხორციელებულა. მე მყარი საკონსტიტუციო ვადით ვიყავი განწესებული უზენაეს სასამართლოში და არავითარი ზეწოლა“, – განაცხადა ნინო გვენეტაძემ.

რაც შეეხება მისი ყოფილი თანაშემწის, კახა წიქარიშვილის განცხადებებს, გვენეტაძემ არ უარყო, რომ იყო გარკვეული კონფლიქტური სიტუაციები.

„მე ვიცნობ ჩემი ყოფილი თანაშემწის განცხადებებს. მას აქვს მოსაზრებები, რომლებიც გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობისას, ბუნებრივია, იწვევდა განსხვავებულ და ხშირად კონფლიქტურ სიტუაციებს, თუმცა  ჩემმა თანამშემწემ საკმაოდ სწრაფად დატოვა შემდეგ ის პოზიცია, რომელსაც ერთად ვახორციელბდით და ამის შემდეგ საერთოდ სასამართლო ხელისუფლება.  მართლმსაჯულების რეფორმის ეტაპები, კოლეგიურ ორგანოში მოღვაწეობა, როგორიც იუსტიციის საბჭოა, წარმოშობდა კონფლიქტებსაც, წინააღმდეგობრივ აზრებსაც, შეუთანხმებლობასაც. ეს პროცესი იყო სამუშაო, რომლის მთავარი მიზანი იყო დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულების უზრუნველყოფა. ამდენად, მას თავისი შეხედულებები აქვს და თავისი ეთიკური სტანდარტი ამ საკითხთან დაკავშირებით, საუბრობს, რაც იცის ან ნახა“, – განაცხადა ნინო გვენეტაძემ.

ის კატეგორიულად უარყოფს რამე სახის ზეწოლას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობიდან დატოვების შესახებ.

„რაც შეეხება რამე ზეწოლას ჩემი თანამდებობის დატოვების შესახებ ამას კატეგორიულად უარვყოფ“, – განაცხადა ნინო გვენეტაძემ.

კითხვაზე, რომ თავად საუბრობდა ფსიქოლოგიური ზეწოლის შესახებ, უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე აცხადებს, რომ ეს იყო ეტაპი, როცა გარკვეული რაოდენობის მოსამართლეთა უვადოდ განწესება ხდებოდა.

„მახსოვს, ეს იყო ერთ-ერთი ეტაპი, როდესაც მოსამართელთა გარკვეული რაოდენობის უვადოდ განწესება ხდებოდა და ამ პროცესთან მიმართებით, ჩვენ გვქონდა ძალიან წინააღმდეგობრივი და დაძაბული პოზიცია. ეს არ იყო ზოგადად, პროცესთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება.  ღიაა საბჭოს სხდომები, თქვენ  ესწრებით და იცით, რომ ყველა შესაძლო გამწვავება და კონფლიქტი განსხვავებულ აზრზე არც მაშინ იყო უხერხული და არც დღეს არის. ამდენად, როდესაც მე ასეთი განწყობა და სიტუაცია მქონდა, დავაფიქსირე“,  – აღნიშნა უზენაესი სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ.

რაც შეეხება კითხვას სასამართლოში არსებულ ვითარებაზე და იმაზე, არსებობს თუ არა კლანი, ნინო გვენეტაძე ამბობს, რომ თანამდებობიდან გადადგომისას მან მიანიშნა, რომ დარჩა ბევრი საკითხი, რომელიც საჭიროებს ეფექტიან თანამშრომლობას.

„როდესაც განცახდება გავაკეთე ჩემი გადადგომის შესახებ,  ძალინ მოკლედ, რაც შეიძლებოდა, ამ პროცესთან ყოფილიყო ადეკვატური, წერილობით მოვახსენე საზოგადოებას და ეს ჟურნალისტებისთვის იყო საყურადღებო. იქ ვისაუბრე სამი წლის საქმინობაზე. ასევე მივანიშნე, რომ დარჩა კიდევ ბევრი საკითხი, რომელიც საჭიროებს ეფექტიან თანამშრომლობას, როგორც საკანონმდებლო დონზე, ასევე პრაქტიკული საქმიანობის კუთხით. ამდენად,  რასაკვირველია, მე ჩემი მოღვაწეობის პერიოდში განხორციელებულ მიმართულებებზე პასუხისმგებლობას  ვიღებ“, – აღნიშნა უზენაესი სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ.

ასევე გვენეტაძის თქმით, მთელი ამ ხნის განმავლობაში, არ ყოფილა აქტიური და ვერც ვიქნებოდა თავისი მდგომარეობიდან გამომდინარე, თუმცა თვალ-ყურს ადევნებს პროცესების მიმდინარეობას.

„ვიცი, რომ მწვავე საკითხი, რომელიც უკავშირდება სასამართლოში მოსამართლეთა რიცხვის სიმცირეს და სამოსამართლეო კადრებით შევსებას, არის ძალიან მტკივნეული პროცესი. თქვენთან ერთად მეც ვისურვებდი, ეს პროცესი წარიმართოს ისე, რომ ღირსეული კადრი შეემატოს უზენაეს სასამართლოს, რომელიც იქნება მიუკერძეობელი და დამოუკიდებელი“, – განაცხადა ნინო გვენეტაძემ.

კლანთან დაკავშირებით კითხვაზე უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ამბობს, რომ სასამართლოს მუდმივად სჭირდება განვითარება.

„იმ საკითხთან დაკავშირებით, რაზეც თქვენ საუბრობთ, პასუხისმგებლობა გადანაწილებული აქვს, როგორც სასამართლო ხელისუფლებას, ასევე პარლამენტს. იმედი მაქვს, რომ ორივე ორგანო მაღალი პასუხისმგებლობით შეძლებს, სათანადო კადრით,  მოსამართლეებით უზრუნველყოს უზენაესი სასამართლო  და საკასაციო ინსტაციის წარმოებას ჰქონდეს ის ავტორიტეტი, რომელიც ესეოდენ მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ნინო გვენეტაძემ.

უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორად დაინიშნა. თსუ-ში ის სასწავლო მიმართულებას უხელმძღვანელებს.

 

დატოვე კომენტარი