გიორგი ლომია - ადამ კინზინგერს უფლება აქვს, თავისი ხედვა გამოხატოს, მაგრამ ჩვენ ჩვენს ხედვას არავის ვუთანხმებთ
ამერიკელ კონგრესმენს, ადამ კინზინგერს უფლება აქვს, თავისი ხედვა გამოხატოს, მაგრამ ჩვენ ჩვენს ხედვას არავის ვუთანხმებთ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ თავმჯდომარემ, გიორგი ლომიამ განუცხადა, რომელიც კინზინგერის განცხადებას გამოეხმაურა.
დეპუტატის თქმით, პარტიის ბანერთან დაკავშირებით ხმაური იყო ატეხილი.
„ეს არის ჩვენი ხედვა, პარტიას აქვს უფლება, თავისი ხედვა წარმოადგინოს და საჯაროდ გახადოს. თავად აჭარლებს ვესაუბრებით, რომლებიც გამოხატავენ შეშფოთებას იმასთან დაკავშირებით, რომ აჭარაში თურქული მოსახლეობა ძალიან დომინირებს. იმაზე არ ვსაუბრობთ, რომ თურქი მტერია და უნდა ვებრძოლოთ, ეს რა სისულელეა. თურქეთი სტრატეგიული პარტნიორი და ჩვენი მეგობარია, მაგრამ თურქეთს საგარეო პოლიტიკა აქვს. ერდოღანმა არაერთხელ თქვა, რომ ოსმალეთის იმპერია უნდა აღვადგინოთო, რომელიც მათ რუკაზე თითქმის, ოზურგეთამდე იყო მოხაზული. ერთ-ერთ თურქულ გაზეთში რუკა გამოქვენდა, სადაც მოხაზულია ბათუმი, რომელიც თურქეთის შემადგენლობაში შედის. პრევენციული ღონისძიებები დღესვე უნდა გავატაროთ, რომ ხვალ და ზეგ არ მოგვიწიოს ისეთი მოლაპარაკება, რაც რუსეთთან და აფხაზებთან გვიწევს. თქვენ ფიქრობთ, რომ ჩვენი განცხადების საფუძველზე შეიძლება თურქეთმა რაიმე მოიქმედოს, ჯარი შემოიყვანოს? – ჩვენ ასე არ ვფიქრობთ, აჭარაში კულტურული ექსპანსია მიმდინარეობს“, – აღნიშნავს დეპუტატი.
ლომია ამბობს, რომ არ შეიძლება, სასაზღვრო რეგიონში ის მოსახლეობა დომინირებდეს, რომელსაც ესაზღვრები.
„ეს ყველას ესმის და ახალს არ ვამბობთ. კინზინგერს საკუთარი ხედვა აქვს, მას უფლება აქვს, თავისი ხედვა გამოხატოს, ჩვენ ჩვენს ხედვას არავის ვუთანხმებთ. აჭარის პრობლემაზე საუბარი გუშინ და გუშინწინ არ დაგვიწყია. აზიზიეს მეჩეთის თაობაზე ათი წელია ვსაუბრობთ და ვამბობთ, რომ საგანგაშო მდგონარეობაა. როგორ შეიძლება, ეს თემა რუსეთს და რაღაც დირექტივებს მიაბათ?“, – განაცხადა ლომიამ.
ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, რომ მზარდ შეშფოთებას გამოხატავს „გავრცელებული აშკარა დეზინფორმაციის გამო, რომელიც ამტკიცებს, რომ აჭარას თურქეთის მხრიდან საფრთხე ემუქრება“.