გიორგი კვირკაშვილი - დღეს საქართველო აღარ არის გზაგასაყარზე, ჩვენი კულტურა ევროპულია ამერიკული ელფერით
დღეს საქართველო აღარ არის გზაგასაყარზე. ჩვენი კულტურა ევროპულია ამერიკული ელფერით; ჩვენი მსოფლმხედველობა დასავლური და ტრანსატლანტიკურია ისევე, როგორც ჩვენი ღირებულებები და პოლიტიკა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა აშშ-ის მშვიდობის ინსტიტუტში, აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის რიგით მეორე კონფერენციაზე – “პირველი რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წელი” განაცხადა.
პრემიერმა აღნიშნა, რომ მისთვის დიდი პატივია აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მეორე ყოველწლიური კონფერენციის გახსნა. მან მადლობა გადაუხადა აშშ-ის მშვიდობის ინსტიტუტის პრეზიდენტ ნენსი ლინდბორგს, აშშ-ის მშვიდობის ინსტიტუტს, ასევე Heritage Foundation-ის წარმომადგენლებს შეხვედრის მასპინძლობისთვის.
პრემიერმა გამოსვლაში საქართველოს დამოუკიდებლობაზე, ისტორიასა და მის დასავლურ არჩევანზე ისაუბრა.
„ჩვენ ისტორიის ზღურბლზე ვიმყოფებით. ისტორია ქართველთა მსოფლმხედველობის შემადგენელი ნაწილია. ძალიან ბევრი რამ გადავიტანეთ, რათა აქამდე მოვსულიყავით და ამ ისტორიის გმირები სწორედ ქართველები არიან. 100 წლის წინ, მაისში საქართველომ უზარმაზარი ნაბიჯი გადადგა მომავლისკენ. ჩვენ შევქმენით საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა მაშინ, როდესაც ჩვენი პატარა ქვეყნის გარშემო მძვინვარებდა მღელვარება, რევოლუცია და სამოქალაქო ომი, რომლებსაც ჩვენზე გაცილებით დიდი ძალები ასაზრდოებდა. იმ კონკრეტულ მომენტში ჩვენი წინაპრები შეიძლება ვერც აცნობიერებდნენ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა და ჩვენი თავისუფლება კიდევ მეტი ხნით გადაიდებოდა, თითქმის 75 წლით“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მისი თქმით, სულ რაღაც 3 წელიწადში სახელმწიფოებრიობის დაბრუნების შემდეგ, წითელი არმია შემოიჭრა საქართველოში და მართალია, დროებით, მაგრამ მაინც წაგვართვა დამოუკიდებლობა.
გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ამის მიუხედავად, საქართველოს არასდროს უღალატია დამოუკიდებლობისა და თავისუფლების ოცნებისთვის.
„ეს ინსტინქტები ჩვენს გენეტიკურ კოდშია გამჯდარი. აქ შეიძლება ვახსენოთ 1991 დაბრუნებული სახელმწიფო დამოუკიდებლობა, მაგრამ საქართველოს სახელმწიფოებრიობის გამოცდილების ფესვები ბევრად ადრე, საუკუნეებში უნდა ვეძებოთ. როგორც ცივილიზაციათა გზაჯვარედინი, ჩვენ ბევრს ვითვისებთ და ბევრს ვუზიარებთ ჩვენ გარშემო მყოფთ, მაგრამ, ამავე დროს, ვინარჩუნებთ ჩვენს ქართულ უნიკალურობას და დასავლურ უნიკალურობასაც“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მისი თქმით, 100 წლის წინ საქართველომ სამუდამოდ დაუკავშირა თავისი გზა დასავლეთს და დღეს საქართველო აღარ არის გზაგასაყარზე, საქართველოს კულტურა ევროპულია ამერიკული ელფერით.
„ჩვენი მსოფლმხედველობა დასავლური და ტრანსატლანტიკურია ისევე, როგორც ჩვენი ღირებულებები და პოლიტიკა. ჩვენი ერთგულება დასავლური და ევროპული ღირებულებების საფუძვლებისადმი – დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა დაცვისადმი მტკიცეა, ღრმა და მდგრადი. ვამაყობთ, რომ ვართ ტრანსატლანტიკური საზოგადოების პროდუქტიული წევრი ქვეყანა და დროთა განმავლობაში, კიდევ უფრო დიდი ზრდა გველის“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის რიგით მეორე კონფერენციაზე – „პირველი რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წელი”.