გიორგი კვირიკაშვილი - აშშ-თან საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას მხოლოდ ზრდა ელის  
გიორგი კვირიკაშვილი - აშშ-თან საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას მხოლოდ ზრდა ელის  

სწორედ ახლაა დრო, ყურადღება მივაქციოთ ორმხრივ სავაჭრო შეთანხმებას, რომელიც ორივე სახელმწიფოს მოუტანს ეკონომიკურ და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სარგებელს, – აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აშშ-ის მშვიდობის ინსტიტუტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერ-მინისტრმა აშშ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აშშ-თან საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას მხოლოდ ზრდა ელის.

ამასთან, პრემიერმა სავაჭრო შეთანხმების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ახალი მოთამაშეები მთელი მსოფლიოდან ევრაზიაში არსებული შესაძლებლობების გამოყენებას ცდილობენ.

„ევრაზიაში ტემპი იზრდება, რასაც ასაზრდოებს ისეთი ახალი სავაჭრო მარშრუტები, როგორიცაა ტრანსკასპიის დერეფანი და ახალი აბრეშუმის გზა. ახალი მოთამაშეები მთელი მსოფლიოდან დღეს ცდილობენ ევრაზიაში არსებული უზარმაზარი შესაძლებლობების გამოყენებას. ევროპიდან აზიამდე იქმნება ახალი კავშირები და ალიანსები. საქართველოს უნიკალური მდებარეობისა და, შესაბამისად, აშშ-თან მისი სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას მხოლოდ ზრდა ელის წინ. სწორედ ახლაა დრო, ყურადღება მივაქციოთ ორმხრივ სავაჭრო შეთანხმებას, რომელიც ორივე სახელმწიფოს მოუტანს ეკონომიკურ და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სარგებელს“, – განაცხადა პრემიერმა.

მისი თქმით, პარტნიორობა და სტრატეგია პირდაპირ კავშირშია მშვიდობასა და სტაბილურობასთან. ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობა კი, საქართველოსთვის დიდი პატივია.

„ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, რომ ეს ყოველწლიური კონფერენცია გააძლიერებს და გააღრმავებს ჩვენს პარტნიორობას ყველას სასიკეთოდ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

აშშ-ის მშვიდობის ინსტიტუტში აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კონფერენცია – „პირველი რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წელი“ გაიმართა.