თამარ ჩუგოშვილი - მაიკ პენსის მიერ გიორგი კვირიკაშვილის სახლში მიპატიჟება არის გზავნილი, რომ საქართველო და ამერიკა ნამდვილი მეგობრები არიან
თამარ ჩუგოშვილი - მაიკ პენსის მიერ გიორგი კვირიკაშვილის სახლში მიპატიჟება არის გზავნილი, რომ საქართველო და ამერიკა ნამდვილი მეგობრები არიან

ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის სახლში მიპატიჟება არის ჟესტი და გზავნილი იმის შესახებ, რომ საქართველო და ამერიკა არიან არა მხოლოდ ოფიციალური და ფორმალური პარტნიორები, არამედ ნამდვილი მეგობრები, – ასე შეაფასა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახლში მასპინძლობა.

თამარ ჩუგოშვილმა საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელის ამერიკაში გამართულ ვიზიტზე დღეს პრესკონფერენციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციასთან ურთიერთობები ღრმავდება და სხვა საფეხურზე გადადის, რაც უახლოეს მომავალში საქართველოსთვის კიდევ უფრო კონკრეტულ შედეგებსა და ნაბიჯებში გამოიხატება.

„პრემიერ-მინისტრმა აშშ-ში ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი დაასრულა. საქართველოს მთავრობის მეთაურს უმნიშვნელოვანესი შეხვედრები ჰქონდა როგორც თეთრ სახლში, ასევე სახელმწიფო დეპარტამენტისა და კონგრესის მაღალი რანგის თანამდებობის პირებთან. შეხვედრა გაიმართა სახელმწიფო მდივანთან, რომელიც ამ თანამდებობაზე ცოტა ხნის წინ დაინიშნა და პირველი უცხოელი ლიდერი, ვისაც შეხვდა, საქართველოს პრემიერ-მინისტრია. ასევე გიორგი კვირიკაშვილის ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა სახლში უმასპინძლა, რაც გამოხატულებაა იმ მნიშვნელოვანი თანამშრომლობის და მეგობრობის, რაც ორ ქვეყანას, პარტნიორებს აკავშირებთ. ეს არის ჟესტი იმის შესახებ, რომ ოფიციალურ შეხვედრებს მიღმა ურთიერთობები უფრო მაღალ დონეზე გადადის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამას ამერიკის პოლიტიკაში უფრო მეტი დატვირთვა აქვს, ვიდრე სხვა ქვეყნების პოლიტიკაში, რადგან ეს არის გზავნილი იმის შესახებ, რომ ჩვენ ვართ არა მხოლოდ ოფიციალურად და ფორმალურად პარტნიორები, არამედ ნამდვილი მეგობრები და ამერიკის მხრიდან საქართველოს მიმართ მხარდაჭერა გაიზრდება“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

მისი თქმით, შეხვედრებზე ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები  დაფიქსირდა. ამ მხრივ, ვიცე-სპიკერმა ნატო-ში ინტეგრაციის კუთხით საქართველოს მხარდაჭერა გამოყო.

„ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ ნატო-ს სამიტი გვიახლოვდება და მათი მხარდაჭერა და გზავნილები გადამწყვეტი და უმნიშვნელოვანესია. ასევე, ამერიკის მხარდაჭერა საქართველოს მიმართულებით რამდენიმე სხვადასხვა კომპონენტში გამოიხატება. წლების მანძილზე ჩვენი ქვეყანა თანამშრომლობს. გარდა ამისა, ეკონომიკური გაძლიერება და ეკონომიკური თანამშრომლობა სულ უფრო აქტუალური ხდება, პირდაპირი ამერიკული ინვესტიციები იზრდება“, – აღნიშნა ვიცე-სპიკერმა.

დეპუტატის თქმით, მნიშვნელოვანია, თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებების დაწყება, რაც მისივე შეფასებით, საქართველოსთვის პოლიტიკური და ეკონომიკური კუთხით მნიშვნელოვანი დატვირთვის მოვლენა იქნება.

„ეს ვიზიტი და მაღალი რანგის შეხვედრები საფუძველს გვაძლევს, ვიფიქროთ, რომ ამერიკა, როგორც ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი კიდევ უფრო გააქტიურდება და კიდევ უფრო შეუწყობს ხელს საქართველოს განვითარებას, როგორც უსაფრთხოების კუთხით, ასევე დემოკრატიის და ეკონომიკის განვითარების თვალსაზრისით. თავისუფალ ვაჭრობაზე ფრთხილად ვსაუბრობთ, რათა პროცესს ზიანი არ მივაყენოთ. ბუნებრივია, საქართველოს ამ თემის მიმართ ინტერესი აქვს და იმ ფორმატებში, რაშიც მისაღებია და სწორია, პოზიციას ყოველთვის ვაფიქსირებთ. მნიშვნელოვანია მეორე მხარის მზადყოფნა და როგორც კი ეს პროცესი რეალისტურს მიუახლოვდება, მოლაპარაკებებიც დაიწყება. საქართველოს მხრიდან ყველაფერი კეთდება, რომ შეთანხმებას მივაღწიოთ“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმავაშინგტონში, საკუთარ სახლში უმასპინძლა.