გიორგი კვირიკაშვილი - დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 27 წლის განმავლობაში საქართველოს არ ჰყოლია ისეთი დიდი მეგობარი, როგორიცაა აშშ
გიორგი კვირიკაშვილი - დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 27 წლის განმავლობაში საქართველოს არ ჰყოლია ისეთი დიდი მეგობარი, როგორიცაა აშშ

დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 27 წლის განმავლობაში საქართველოს არ ჰყოლია ისეთი დიდი მეგობარი, როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატები, – აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა აშშ-ის მშვიდობის ინსტიტუტში, აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის რიგით მეორე კონფერენციაზე – „პირველი რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წელი“ გააკეთა.

მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა 1991 წელს.

„ამერიკამ მხარი დაგვიჭირა მაშინ, როდესაც ეს ყველაზე მეტად გვჭირდებოდა – ჩვენი სახელმწიფოებრივი კონსოლიდაციის წინაშე მდგარ ყველაზე რთულ პერიოდებში. დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 27 წლის განმავლობაში საქართველოს არ ჰყოლია ისეთი დიდი მეგობარი, როგორიცაა აშშ. ერთად ჩვენ შევქმენით ის, რასაც შეიძლება ვუწოდოთ „სტრატეგიული პარტნიორობა“ ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერის თქმით, საქართველო სრული სერიოზულობით ეკიდება სტრატეგიული პარტნიორობის არსს.

„იგი არის სტრატეგიული, რადგანაც ამერიკელ მეგობრებთან ჩვენ გვაქვს ჩვენი რეგიონის და ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის ხედვა. იგი არის სტრატეგიული, რადგანაც ჩვენ შეგვიძლია შევხედოთ ერთსა და იმავე ფაქტს და შემდეგ გავუზიაროთ ერთმანეთს შეხედულებები ამ რეალობის მნიშვნელობის შესახებ, რათა შევიმუშაოთ სტრატეგიები საერთო მიზნების მისაღწევად. თითოეულ ჩვენგანს შემოაქვს ანალიტიკური ფილტრების წყება ჩვენს წინაშე მდგარ გამოწვევებთან გასამკლავებლად“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

მისი განმარტებით, აღნიშნული თანამშრომლობის მიზანია სწორი სტრატეგიების შემუშავება საერთო მიზნების მისაღწევად.

პრემიერის შეფასებით, აშშ-მ მყისვე შეაფასა საქართველოს გეოსტრატეგიული მდებარეობის თანმდევი გამოწვევები, ასევე იმთავითვე გააცნობიერა საქართველოს ხელსაყრელი გეოგრაფია.

„ეს არის პარტნიორობა, რადგან გაზიარება ჩვენს შორის არ წყდება და ორმხრივად მიიმართება. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მყისვე შეაფასა საქართველოს გეოსტრატეგიული მდებარეობის თანმდევი გამოწვევები, განსაკუთრებით დაძაბული ურთიერთობა რუსეთთან და მისი უსაფრთხოების ფართო გარემოს სირთულე. ამავე დროს, მან იმთავითვე გააცნობიერა საქართველოს ხელსაყრელი გეოგრაფია, მისი ძალა, ცხადყოს დემოკრატიული განვითარების უპირატესობები, ასევე სიცოცხლით სავსე ქართველების უკვდავი სულისკვეთება“ – აღნიშნა პრემიერმა აშშ-ის მშვიდობის ინსტიტუტში.

ამასთან, მისი თქმით, თავის მხრივ, საქართველო აცნობიერებს და წვლილი შეაქვს ამერიკის მხრიდან რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ თავისი ინტერესების და დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებასა და დაცვაში.

„საქართველო დიდად აფასებს თავის წვლილს ამ პარტნიორობაში, იბრძვის რა ამერიკის და ნატო-ში მისი მოკავშირეების გვერდიგვერდ ისეთ ცხელ წერტილებში, როგორიცაა ერაყი და ავღანეთი, სადაც ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ საქართველომ ნატო-ს სხვა ნებისმიერ წევრ ქვეყანაზე მეტი მებრძოლი დაკარგა ერთ სულ მოსახლეზე. საქართველოს ხარჯები თავდაცვაზე მნიშვნელოვნად აღემატება ნატო-ს სტანდარტს – 2%-ს, როგორც ამას პრეზიდენტი ტრამპი სამართლიანად ითხოვდა. ჩვენ ამით ვამაყობთ. ჩვენ ვამაყობთ, რომ მხარს ვუჭერთ ჩვენი საერთო უსაფრთხოების დღის წესრიგს. ერთად ჩვენ უფრო ძლიერნი ვართ, ვიდრე ცალ-ცალკე, რაც არის კიდეც სტრატეგიული პარტნიორობის არსი“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.