აშშ-ის მშვიდობის ინსტიტუტის პრეზიდენტი - მადლობას ვუხდით გიორგი კვირიკაშვილს ქვეყნის ლიდერობისთვის, აშშ-სთან პარტნიორობისა და მეგობრობისთვის
აშშ-ის მშვიდობის ინსტიტუტის პრეზიდენტი - მადლობას ვუხდით გიორგი კვირიკაშვილს ქვეყნის ლიდერობისთვის, აშშ-სთან პარტნიორობისა და მეგობრობისთვის

მადლობას გიხდით ქვეყნის ლიდერობისთვის, აშშ-სთან პარტნიორობისა და მეგობრობისთვის და გულთბილად გილოცავთ ეროვნულ დღესასწაულს, – ამ სიტყვებით მიმართა აშშ-ის მშვიდობის ინსტიტუტის პრეზიდენტმა, ნენსი ლინდბორგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის რიგით მეორე ყოველწლიურ კონფერენციაზე – „პირველი რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წელი“.

მშვიდობის ინსტიტუტის პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას აშშ-საქართველოს შორის ორმხრივი პარტნიორობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ გამოინახება შესაძლებლობები კავკასიის რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობის დამკვიდრებისთვის.

„დღევანდელ კონფერენციაზე ჩვენ ვზეიმობთ სტრატეგიულ პარტნიორობასა და მეგობრობას ჩვენს ქვეყნებს შორის. ეს ასევე მოიცავს უსაფრთხოების საკითხებს და ეკონომიკურ მიღწევებს, გამოწვევებსა და შესაძლებლობებს, რომლებიც ჩვენ ორმხრივ პარტნიორობას ახლავს თან. რამდენადაც წელს ჩვენ ასევე აღვნიშნავთ 2008 წელს რუსეთის საქართველოში შემოჭრიდან 10 წლისთავს, ვიმედოვნებ, რომ გამოვნახავთ შესაძლებლობებს კავკასიის რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობისთვის. ჩვენ დაინტერესებული ვართ ისეთი დიალოგით, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობებს, გავაძლიეროთ პარტნიორობა და დავამკვიდროთ მშვიდობა რეგიონში“, – აღნიშნა ნენსი ლინდბორგმა.

ნენსი ლინდბორგმა საქართველოს მთავრობის მეთაურს აშშ-ის მშვიდობის ინსტიტუტსა და „ჰერითიჯის ფონდთან“ პარტნიორობისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა საქართველოს მნიშვნელოვან წვლილს საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში.

„ჩემთვის დიდი პატივია, წარმოგიდგინოთ საქართველოს პრემიერ-მინისტრი. გიორგი კვირიკაშვილი ქვეყნის მთავრობას 2015 წლის დეკემბრიდან ხელმძღვანელობს. იგი ასევე გახლდათ ქვეყნის ვიცე-პრემიერი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი; აგრეთვე – ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი. ჩემთვის ასევე დიდი პატივია, მივესალმო საქართველოს დელეგაციის მრავალ გამორჩეულ წევრს, საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძეს, პირველ ვიცე-პრემიერსა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილს, თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას და აშშ-ში საქართველოს ელჩს დავით ბაქრაძეს. აშშ-სა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებს. გვსურს, ხაზი გავუსვათ საქართველოს წვლილს რეგიონული უსაფრთხოების საქმეში, ავღანეთის საერთაშორისო ძალებსა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალიზე გაერო-ს სამშვიდობო ოპერაციებში. ბატონო პრემიერ-მინისტრო, მადლობას მოგახსენებთ ქვეყნის ლიდერობისთვის, აშშ-სთან პარტნიორობისა და მეგობრობისთვის. გულთბილად გილოცავთ ეროვნულ დღესასწაულს“, – განაცხადა ნენსი ლინდბორგმა.

აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის რიგით მეორე ყოველწლიური კონფერენცია დღეს ვაშინგტონში, აშშ-ის მშვიდობის ინსტიტუტში გაიმართა.