გიორგი კვირიკაშვილი - ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ დროის ტექნიკურად შესაძლებელ უმცირეს მონაკვეთში დავდებთ შედეგს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აცხადებს, რომ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების ოჯახის წევრები, თავიანთი მოთხოვნის შესაბამისად, გამოძიების ნებისმიერ ეტაპზე მიიღებენ ინფორმაციას და იქნებიან პროცესში ჩართული.
პრემიერმა ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
„მინდა, გარანტია მივცე დაღუპული ბავშვების მშობლებს, ოჯახის წევრებს, რომ გამოძიების ნებისმიერ ეტაპზე, ყოველდღიურად, რა ხარისხითაც ისინი მოითხოვენ ინფორმაციის მიღებას და ჩართვას პროცესში, იმ ხარისხით მიიღებენ ინფორმაციას და იქნებიან მაქსიმალურად ჩართულნი, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმართულ პროცესში, ასევე, საგამოძიებო კომისიის მუშაობაში და ეს კომუნიკაცია იქნება მაქსიმალური“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ის პირადად გააკონტროლებს ყველა ნაბიჯს.
„პირადად გავაკონტროლებ აბსოლუტურად ყველა ნაბიჯს და პირადად ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ დროის ტექნიკურად შესაძლებელ უმცირეს მონაკვეთში და ხვალ დილიდან მექნება საუბარი, თუ რა პერიოდი შეიძლება იყოს ეს, ჩვენ დავდებთ შედეგს. ეს იქნება პასუხი ჩვენი საზოგადოების მიერ დასმულ კითხვებზე და ამ გამოწვევაზე, ასევე – პოლიტიკური პასუხი ჩვენი მხრიდან“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ამასთან, როგორც პრემიერმა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის გამოძიება პროკურატურიდან შინაგან საქმეთა სამინისტროში დაბრუნდება.
გიორგი კვირიკაშვილი ცოტა ხნის წინ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე მივიდა, თუმცა პარლამენტის შენობის წინ შეკრებილებმა პრემიერ-მინისტრს სიტყვით გამოსვლის დასრულების საშუალება არ მისცეს, რის შემდეგაც გიორგი კვირიკაშვილმა ტერიტორია დატოვა.