გიორგი კვირიკაშვილი - ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის გამოძიება პროკურატურიდან შსს-ში დაბრუნდება
გიორგი კვირიკაშვილი - ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის გამოძიება პროკურატურიდან შსს-ში დაბრუნდება

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის გამოძიება პროკურატურიდან შინაგან საქმეთა სამინისტროში დაბრუნდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

„ხვალ დილიდან შინაგან საქმეთა სამინისტრო დაიბრუნებს საქმეს პროკურატურისგან გამოძიების პროცესში და ვიცე-პრემიერი გიორგი გახარია წაიყვანს გამოძიების პროცესს. ის იქნება ამ პროცესის ხელმძღვანელი. მე ყველა ნაბიჯში ვიქნები ჩართული და გავაკონტროლებ პროცესს“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

საქართველოს პრემიერმა ასევე ისაუბრა საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნაზე და აღნიშნა, რომ კომისია უმოკლეს ვადებში დაიწყებს მუშაობას.

„მეორე რაც მინდა ვთქვა – დღეს პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე. უმოკლეს ვადაში რიგგარეშე სხდომაზე შეიკრიბება პარლამენტი, დაამტკიცებს კომისიის შემადგენლობას, სადაც, რამდენადაც ვიცი, კარგიც იქნება, რომ უმცირესობა იყოს წარმოდგენილი უმრავლესობის სახით. უმოკლეს პერიოდში დაიწყებს კომისია მუშაობას იმ პერიდოში, რა პერიოდშიც იქნება შესაძლებელი“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.