გიორგი კვირიკაშვილი - უშიშროების საბჭოზე გვქონდა მსჯელობა, რა ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველომ ქვეყანაში უსაფრთხოებასა და სტაბილურობისთვის
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, უშიშროების საბჭოს დღევანდელ სხდომაზე საუბარი იყო ნატო-ს სამიტისთვის მოსამზადებელ სამუშაოზე.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ყველას ინტერესია, რომ საქართველოს პროგრესი ამ გზაზე შესაბამისად იყოს აღნიშნული იყოს.
„კონკრეტულად, საუბარი იყო თუ როგორ და რა ფორმით უნდა იყოს აღნიშნული, რომ ამ გადაწყვეტილებამ ნატო-ს წევრობასთან მაქსიმალურად დაგვაახლოვოს, რაც ჩვენი საბოლოო მიზანია. ამისთვის რამდენიმე ვერსია არსებობს და ამ ვერსიებზე გვქონდა საუბარი.
ასევე საუბარი გვქონდა რეგიონში უსაფრთხოების დღევანდელ სურათზე, შესაბამის საფრთხეებზე. ბუნებრივია საუბარი რუსეთის ოკუპაციაზე და რეგიონში მიმდინარე სხვა მოვლენებზე გვქონდა. შესაბამისი უწყებების ინფორმაცია მოვისმინეთ და გვქონდა მსჯელობა, რა ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველომ ჩვენს ქვეყანაში უსაფრთხოებასა და სტაბილურობისთვის“,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ამასთან, პრემიერ-მინისტრის თქმით, დღევანდელს სხდომაზე თავდაცვის რეფორმის მიმდინარეობაზეც ისაუბრეს.
„მინისტრმა წარმოადგინა შესაბამისი ინფორმაცია და განვიხილეთ, რა შემდგომი ნაბიჯები უნდა გადაიდგას. ვისაუბრეთ კონკრეტულად საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამაზე, ე.წ GDRP-ზე, რომელიც, აშშ-თან ერთად, უახლოეს მომავალში დაიწყება. მთლიანობაში, შეიძლება ითქვას, რომ უშიშროების საბჭოს სხდომა საკმაოდ დატვირთული იყო“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.