გიორგი კვირიკაშვილი - უმნიშვნელოვანესი რეფორმები განვახორციელეთ, რამაც ხელშესახები შედეგები მოგვიტანა
გასული წლების განმავლობაში, უმნიშვნელოვანესი რეფორმები განვახორციელეთ, რამაც ხელშესახები შედეგები მოგვიტანა, – ამის შესახებ ამბროლაურში, პარტიის რეგიონულ ყრილობაზე, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, პარტიის დაარსებიდან ექვსი წლის თავზე შეიძლება ითქვას, რომ ბევრი პრობლემა გადაიჭრა.
„დღეს, პარტიის დაარსებიდან ექვსი წლის თავზე, თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ბევრი პრობლემა გადავჭერით, ბევრი სირთულე დავძლიეთ. ამ ექვსმა წელმა გზა გაგვიკაფა და მოგვცა იმის საშუალება, რომ დღეს უფრო დიდ მიზნებს შევეჭიდოთ – დავიწყოთ ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარება, რაც უკვე კონკრეტულ შედეგებს გვაძლევს – ახალ სამუშაო ადგილებსა და კეთილდღეობას მოუტანს ჩვენს ქვეყანას და თითოეულ მოქალაქეს“, – განაცხადა პრემიერმა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა.
მისი თქმით, დაახლოებით 60 პროექტია დაფინანსებული რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში, რომელიც უმეტესწილად ყურძნის შესყიდვასა და მევენეხეობის დარგის განვითარებაზეა მიმართული.
პრემიერმა ამბროლაურის აეროპორტის მნიშვნელობაზე, ახალგაზრდების ხელშეწყობაზე და ამ მიმართულებით წამოწყებულ ახალ პროექტზე – „ახალგაზრდა მეწარმე“ გაამახვილა ყურადღება.
„გამოვთქვამთ სრულ მზადყოფნას, რომ ახალგაზრდებს ჰქონდეთ სახელმწიფოს მხარდაჭერა სოფელში ბიზნესის დასაწყებად. ჩვენ ყოველმხრივ შევუწყობთ ხელს, რათა მოტივირებულმა ახალგაზრდებმა შექმნან სოფლებში რძის, ხილისა და ბოსტნეულის, ხორცის გადამამუშავებელი საწარმოები, გააშენონ ვაზი, მოაწყონ საოჯახო მარნები, ააშენონ ფერმები, სამაცივრე მეურნეობები და სხვა“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ამასთან, მისი თქმით, ონსა და ამბროლაურში მუშაობს ახალი საწარმოები; შეიქმნა ახალი სამუშაო ადგილები, რეგიონში მუშაობს პროფესიული კოლეჯი „ერქვანი“.
პრემიერის განცხადებით, რეგიონისთვის მნიშვნელოვანი პროექტია ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი 45 კმ-იანი ორზოლიანი გზა, რომელიც 2020 წლისთვის დასრულდება. მაღალმთიანი დასახლების სტატუსი კი, რეგიონში 255 სოფელს აქვს მინიჭებული .
„ჩვენი ქვეყანა და განსაკუთრებით ეს ულამაზესი მხარე უფრო და უფრო პოპულარული ხდება ტურისტებისთვის და ამას მაქსიმალურად ვუწყობთ ხელს. ვმუშაობთ პროექტზე, რომლითაც ქუთაისი, ლეჩხუმი, ქვემო და ზემო სვანეთი ერთმანეთს დაუკავშირდება. დარწმუნებულნი ვართ, სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ლენტეხის დაკავშირება ქუთაისთან, როგორც საქართველოს უმნიშვნელოვანეს ცენტრთან, ძალიან დიდი სტიმული იქნება რეგიონის განვითარებისთვის“, – განაცხადა პრემიერმა.