პრემიერ-მინისტრმა ამბროლაურში ახლად მოწყობილი სპორტული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა
პრემიერ-მინისტრმა ამბროლაურში ახლად მოწყობილი სპორტული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ამბროლაურში, აგრანო ვაჩაძის სახელობის საფეხბურთო სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე ახლად მოწყობილი სპორტული ინფრასტრუქტურა – მინი ფეხბურთის, კალათბურთის, ჩოგბურთის სტადიონები და ფრენბურთისთვის განკუთვნილი ქვიშის მოედანი დაათვალიერა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, მთავრობის მეთაურმა განხორციელებული სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა.

პროექტი „რეგიონების ინტეგრირებული განვითარების საპილოტე პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა და მისმა ჯამურმა ღირებულებამ 905 555 ლარი შეადგინა.

მიმდინარე წელს „რეგიონების ინტეგრირებული განვითარების საპილოტე პროგრამის“ ფარგლებში, ოთხი სხვადასხვა დანიშნულების სპორტული მოედნის მოწყობის გარდა, განხორციელდა შიდა პერიმეტრზე ბეტონის საფარის ბილიკების დაგება, ტერიტორიის შემოღობვა, განათებების დამონტაჟება და დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა.

პრემიერ-მინისტრთან ერთად სპორტული ინფრასტრუქტურა აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.