გიორგი კვირიკაშვილი - საქართველოს პოლიტიკა, გახდეს დასავლური საზოგადოების წევრი, არ არის მიმართული მეზობლების წინააღმდეგ
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველოს პოლიტიკა, გახდეს დასავლური საზოგადოების წევრი, არ არის მიმართული მეზობლების წინააღმდეგ, ის არ არის მიმართული რუსეთის წინააღმდეგ.
ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ დისკუსიაზე – „სტრატეგიული პერსპექტივა: ევრაზია“, განაცხადა. შეხვედრაზე დაინტერესდნენ, ევროინტეგრაციის გზაზე, როგორ გაუმკლავდა რუსეთის მხრიდან მომავალ საფრთხეს. მოდერატორმა გაიხსენა უკრაინის მოვლენები და აღნიშნა, რომ მისი ურთიერთობები ბრიუსელთან განვითარდა იმაზე სწრაფად, ვიდრე ეს რუსეთს სურდა.
„ეს საფრთხე საერთოა. ევროკავშირთან ჩვენ გვაქვს კარგი დინამიკა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიის სტანდარტების ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების მხრივ. სამწუხაროდ, უკრაინა რუსეთის გამო გამოწვევის წინაშე დგას, მისი ტერიტორიული მთლიანობა შელახულია. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას.
როგორც ვთქვი, ტერიტორიული მთლიანობა უნდა იყოს რეგიონული კონფლიქტების შესახებ მოლაპარაკებების ქვაკუთხედი. ეს არის პრინციპული და კითხვის ნიშნის ქვეშ არ უნდა დადგეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ მივიღებთ ქაოსს არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მთელ მსოფლიოში.
როგორ გავუმკლავდეთ რუსეთის მხრიდან საფრთხეს, ეს საქართველოში ყოველდღიური საკითხია. იგივე ხდება უკრაინაში. შესაძლოა, სხვაგვარად გამოიყურება, თუმცა ფორმულა ერთია. ჩვენ ვცდილობთ, ვაჩვენოთ ჩვენს ჩრდილოელ მეზობელ რუსეთს, რომ საქარველოს პოლიტიკა – გახდეს დასავლური საზოგადოების წევრი, არ არის მიმართული ვინმეს წინააღმდეგ, ის არ არის მიმართული ჩვენი მეზობლების წინააღმდეგ, ის არ არის მიმართული რუსეთის წინააღმდეგ.
რუსეთი უნდა იყოს დაინტერესებული, რომ ჰყავდეს სტაბილური მეზობელი სამხრეთით. ჩვენ უნდა ვეძებოთ პლატფორმები, სადაც ჩვენ ვიპოვით საერთო ინტერესებს და სადაც შევძლებთ მემკვიდრეობით მიღებული პრობლემების მოსაგვარებლად პოზიტიური მოლაპარაკებების დაწყებას“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, განუსაზღვრავს თუ არა რუსეთს საქართველოსთვის, თუ რა არის მისთვის წითელი ხაზი, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ეს არის საქართველოს ნატო-სკენ სწრაფვა.
„თუმცა ეს არის ქართველი ხალხის სუვერენული გადაწყვეტილება და არ არის მიმართული რეგიონში ვინმეს წინააღმდეგ“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.