ილჰამ ალიევი -  ყველა ქვეყნისთვის მეზობლებთან ურთიერთობა პრიორიტეტული უნდა იყოს, განსაკუთრებით ჩვენს რეგიონში
ილჰამ ალიევი -  ყველა ქვეყნისთვის მეზობლებთან ურთიერთობა პრიორიტეტული უნდა იყოს, განსაკუთრებით ჩვენს რეგიონში

აზერბაიჯანს არ აქვს შიდა რისკები და საფრთხეები, ამიტომ უსაფრთხოება საზღვრებზე უნდა უზრუნველყოთ, ამისთვის საუკეთესო გზა მეზობლებთან პრაგმატული და გულწრფელი ურთიერთობის დამყარებაა – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე მეზობლებთან ურთიერთობის შესახებ საუბრისას აღნიშნა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში საქართველოსთან ურთიერთობაზეც ისაუბრა.

„სამეზობლო შეიძლება იყოს პრობლემა და შეიძლება იყოს უპირატესობა – ეს შენს პოლიტიკასა და მეზობლებთან ურთიერთობებზეა დამოკიდებული. ვფიქრობ, ყველა ქვეყნისთვის მეზობლებთან ურთიერთობა პრიორიტეტული უნდა იყოს, განსაკუთრებით ჩვენს რეგიონში.

აზერბაიჯანს არ აქვს შიდა რისკები და საფრთხეები, ამიტომ უსაფრთხოება საზღვრებზე უნდა უზრუნველყოთ. ამისთვის საუკეთესო გზა მეზობლებთან პრაგმატული და გულწრფელი ურთიერთობის დამყარებაა, რომელიც შენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებსა და მეზობლის ეროვნული ინტერესების გაცნობიერებას ეფუძნება.

ვფიქრობ, აზერბაიჯანმა მოახერხა ასეთი პარტნიორობის ჩამოყალიბება ყველა მეზობელთან, სომხეთის გარდა, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიების 20%. მეზობლებთან კასპიის ზღვის გადაღმა: ყაზახეთთან, თურქმენეთთან, საქართველოსთან, თურქეთთან, ირანთან, რუსეთთან, ყველა ქვეყანასთან სამეზობლოში ჩვენ განსაკუთრებული თანამშრომლობა გვაქვს.

ჩვენი დამოუკიდებლობა ახალგაზრდაა, დამოუკიდებლობიდან მხოლოდ 26 წელია გასული, თუმცა ვფიქრობ, აზერბაიჯანმა შეძლო საკუთარი თავი ჩამოეყალიბებინა, როგორც ნამდვილად დამოუკიდებელი ქვეყანა, რომელსაც შეუძლია, საკუთარ თავს მისცეს უფლება, გაატაროს დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკა, რომელიც ეფუძნება ჩვენ ეროვნულ ინტერესებს და არ ეწინააღმდეგება მეზობლების ინტერესებს. ვფიქრობ, ისეთი ქვეყნისთვის, რომლიც მეზობლებზე პატარაა, მნიშვნელოვანია სწორი ბალანსის პოვნა და მეზობლებისგან სარგებლის ნახვა.

დიდი მეზობელი დიდ ბაზარს ნიშნავს, ხოლო საუკეთესო ბაზარი არის მეზობლის ბაზარი. ამიტომ ორმხრივი ინტერესი, ინტერესთა ბალანსი, ერთმანეთის შიდა საქმეებში ჩაურევლობა და სამეზობლოში თანამშრომლობისადმი პრაგმატული პრაქტიკული მიდგომა, ვფიქრობ, არის ჩვენი ქვეყნის წარმატების, შიდა სტაბილურობის და კარგი პერსპექტივების მიზეზი“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.

დატოვე კომენტარი