გიორგი გახარია დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას
გიორგი გახარია დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს მთავრობის მეთაური დავოსში დღეს ჩავა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, გაიმართება მაღალი დონის ორმხრივი პოლიტიკური შეხვედრები სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურებთან.

მათივე ცნობით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტის ეკონომიკური ნაწილი დაეთმობა შეხვედრებს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ხელმძღვანელებთან და მსოფლიოს უმსხვილეს კომპანიებთან. მათ შორისაა „ფილიპს ლაითინგი“ (Philips Lighting), „სიმენს ენერჯი“ (Siemens Energy), „კამილ ბლოში“ (Camille Bloch), „კოკა-კოლა“ (Coca-cola), „ვანვები“ (Oneweb) და სხვა.

ვიზიტის ფარგლებში პრემიერი, ევროპელ კოლეგებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს თემატურ დისკუსიაში „ახალი ამბიციები ევროპისთვის“ (New Ambitions for Europe).

მთავრობის მეთაური სიტყვით მიმართავს ევროპელი ლიდერებისთვის ორგანიზებული ოფიციალური ღონისძიების – „ევროპის გაერთიანება“ (Uniting Europe) მონაწილეებს და დაესწრება დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებლისა და აღმასრულებელი თავმჯდომარის, პროფესორ კლაუს შვაბისა და ჰილდე შვაბის სახელით გამართულ მიღებას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ასევე ესტუმრება პრეზენტაციას – „მაგარი ბავშვები ბლოკჩეინის შესახებ“ (Cool Kids on Blockchain), რომელზეც წამყვანი შვეიცარიული ე.წ. ვენჩურული კაპიტალის (Venture Capital) ფონდის ინკუბატორის კონკურსის გამარჯვებული ქართული სტარტაპი „ვოლტ ვაინსი“ (Vault Wines) ქართულ ინოვაციას წარადგენს.

საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც გიორგი გახარია ხელმძღვანელობს, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში ირაკლი ჩიქოვანი და ეკონომიკურ საკითხებში მრჩეველი ბექა ლილუაშვილი იმყოფებიან.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი 24 იანვარს დასრულდება.