გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ტოვებს
გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მასსა და მმართველ გუნდს შორის გარკვეული მიმართულებებით აზრთა სხვადასხვაობა გამოიკვეთა. მისივე თქმით, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, გუნდი საკუთარი შეხედულებებიდან გამომდინარე დააკომპლექტოს.
„როგორც იცით, გუშინ გაიმართა მმართველი პოლიტიკური ძალის შეხვედრა, რომლის შემდეგ გაკეთდა საჯარო განცხადებები. ჩემსა დაა მმართველ გუნდს შორის გარკვეული მიმართულებებით აზრთა სხვადასხვაობა გამოიკვეთა. კონკრეტულად საუბარი იყო ჩემი მეთაურობით მთავრობის მიერ გატარებულ ეკონომიკურ პოლიტიკასთან დაკავშირებით. ასევე, მინდა აუცილებლად აღვნიშნო, რომ, განსაკუთრებით ბოლო თვეების განმავლობაში, იყო რიგი ფუნდამენტური საკითხებისა, რომლებშიც პარტიის თავმჯდომარესთან განსხვავებული მოსაზრებები და პოზიციები მქონდა. ეს ნორმალური პროცესია. 2012 წლიდან მოყოლებული, ჯერ კიდევ მინისტრობის პერიოდშიც არასოდეს მოვრიდებივარ პოლემიკას და ვფიქრობ, დღეს არის ის მომენტი, როდესაც პარტიის თავმჯდომარეს უნდა მიეცეს საშუალება, გუნდი დააკომპლექტოს იმ შეხედულებებიდან გამომდინარე, რომელიც მას გააჩნია”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრად 2015 წლის 30 დეკემბრიდან მუშაობდა. 2015 წლის სექტემბრიდან 2015 წლის დეკემბრამდე ის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, 2013 წლის ივლისიდან 2015 წლის დეკემბრამდე – ქვეყნის ვიცე-პრემიერი, 2012 წლის ოქტომბრიდან 2015 წლის სექტემბრამდე – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი.
კონსტიტუციის გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის გადადგომა ან მისი უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტა მთავრობის სხვა წევრთა უფლებამოსილების შეწყვეტას იწვევს.