გიორგი კვირიკაშვილი - ნარკომომხმარებლების მიმართ სახელმწიფო უნდა იყოს უფრო ჰუმანური, მაგრამ შეუვალი რეალიზატორებთან მიმართებაში
სახელმწიფო იქნება ძალიან მტკიცე და შეუვალი ნარკოტრაფიკთან, ნარკოტიკების რეალიზატორებთან მიმართებაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
პრემიერმა ამ მიმართულებით გაწეული სამუშაოსთვის შინაგან საქმეთა მინისტრს და სამინისტროს გუნდს მადლობა გადაუხადა.
„მინდა აღვნიშნო შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალიან პოზიტიური მუშაობა, განსაკუთრებით ბოლო კვირების განმავლობაში ნარკორეალიზატორებთან მიმართებაში. სამწუხაროდ, გვქონდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ახალგაზრდები დავკარგეთ ამ უბედურების გამო. მინდა, ყველამ იცოდეს, რომ სახელმწიფო იქნება ძალიან მტკიცე და შეუვალი ნარკოტრაფიკთან, ნარკოტიკების რეალიზატორებთან მიმართებაში. მინდა, გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა მინისტრს და მის გუნდს“, – განაცხადა პრემიერმა.
ამასთან, მისი თქმით, აღნიშნული უბედური შემთხვევები გარკვეულმა პირებმა ახალი ნარკოკანონმდებლობის მიღებას დაუკავშირეს, რაც არასწორია.
„ასევე, მინდა ვთქვა, რომ სამწუხაროდ, ეს უბედური შემთხვევები ადამიანებმა დაუკავშირეს ახალი ნარკოკანონმდებლობის მიღებას, რაც აბსოლუტურად არანაირ კავშირში არ არის. იუსტიციის სამინისტროს ბაზაზე არსებული უწყებათაშორისი ჯგუფი, რომელშიც ჩართულნი არიან მთავრობის, პარლამენტის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასრულებს მუშაობას საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლებიც ერთი მხრივ, გათვლილი იქნება იმაზე, რომ სახელმწიფომ უფრო კონკრეტული და მკაფიოდ გასაგები გარემო შექმნას მოხმარებასთან დაკავშირებით, რა დოზებია, რაც მოხმარებას უკავშირდება, რომელი დოზები ითვლება უკვე რეალიზაციად, როგორ დგინდება რეალიზაციის ფაქტები, რა მექანიზმებს შექმნის სახელმწიფო ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის კუთხით და ა.შ.“, – განაცხადა პრემიერმა.
ამასთან, მისი თქმით, მომხმარებლების მიმართ სახელმწიფო უნდა იყოს უფრო ჰუმანური, მაგრამ მეორე მხრივ, სახელმწიფო უნდა იყოს მტკიცე რეალიზატორებთან მიმართებაში.
„რა თქმა უნდა, მომხმარებლების, იმ ადამიანების მიმართ, რომლებსაც ეს უბედურება და სენი სჭირთ, სახელმწიფო უნდა იყოს უფრო ჰუმანური, მაგრამ მეორე მხრივ, სახელმწიფო უნდა იყოს მტკიცე რეალიზატორებთან მიმართებაში. ჩვენ აბსოლუტურად მკაფიო გზავნილი უნდა გავუგზავნოთ ნარკორეალიზატორებს, რომ ამას ვერასოდეს შევეგუებით“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.