გიორგი კვირიკაშვილი მინდელის შახტში დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს უსამძიმრებს
გიორგი კვირიკაშვილი მინდელის შახტში დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს უსამძიმრებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში მომხდარი შემთხვევის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

გიორგი კვირიკაშვილი დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს უსამძიმრებს. როგორც პრემიერ-მინისტრი ღნიშნავს, დაშავებულებს სათანადო მკურნალობა უტარდებათ.

„უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში მომხდარი შემთხვევის შედეგად ექვსი ადამიანის დაღუპვის გამო.  ვუსამძიმრებ და თანადგომას ვუცხადებ გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს.

სახელმწიფოს შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობდნენ ცხედრების უმოკლეს ვადებში გამოსაყვანად. დაშავებულებს სათანადო მკურნალობა უტარდებათ და კეთდება მაქსიმუმი მათი ჯანმრთელობისთვის“,- აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.

ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში უბედურ შემთხვევას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია სამი მეშახტე.

როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიების პირველადი ინფორმაციით, შახტის ერთ-ერთ გვირაბში მოხდა კედლების დეფორმაცია, რასაც ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება  საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.