გიორგი კვირიკაშვილი - ერთად უფრო ძლიერნი ვართ, ვიდრე ცალ-ცალკე, რაც არის კიდეც სტრატეგიული პარტნიორობის არსი
ჩვენ ერთად უფრო ძლიერნი ვართ, ვიდრე ცალ-ცალკე, რაც არის კიდეც სტრატეგიული პარტნიორობის უშუალო არსი, – ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა აშშ-ის კონგრესში, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართული საზეიმო მიღების მონაწილეებს.
საქართველოს პრემიერმა ამერიკელ კონგრესმენებს საქართველოს თანადგომისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„დამოუკიდებლობის პირველ პერიოდში, რომელიც ჩვენ 1991 წელს მოვიპოვეთ, საქართველომ მოიმკა კონგრესის – თქვენი და თქვენი წინამორბედების ძალისხმევის შედეგები, რომლებმაც კონგრესში ჩამოაყალიბეთ თანამოაზრეთა დიდებული ერთობა საქართველოს მხარდამჭერთა ჯგუფის სახით. თქვენ და თქვენი კოლეგები ჩვენთვის ჩაერიეთ ბევრ კონფლიქტში და წარმომიდგენია, რამდენი პოტენციურად მომაკვდინებელი აფეთქება ჩანასახშივე ჩააქრეთ. ქართველი ხალხის სახელით, უდიდეს მადლობას მოგახსენებთ ამ სახის ჩართულობისთვის და ქართველი ხალხისთვის გაკეთებული ბევრი კეთილი საქმისთვის“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.