გიორგი კვირიკაშვილი - ჩვენი მომავალი პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი სტრატეგიული ხაზი თვითმმართველობების გაძლიერება იქნება
ჩვენი მომავალი პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი სტრატეგიული ხაზი თვითმმართველობების გაძლიერება იქნება, – ამის შესახებ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა რუსთავში განაცხადა, სადაც „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ რუსთავის საქალაქო კონფერენცია გაიმართა.
პრემიერმა კონფერენციის მონაწილეებს მიმართვისას მადლობა გადაუხადა და თვითმმართველობის რეფორმის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
„მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ ყველა თქვენგანს, მადლობა მინდა გადავუხადო მაჟორიტარ დეპუტატებს, რომლებიც ჩვენთან ერთად არიან, ასევე, რეგიონის მაჟორიტარებსა და მმართველობის ორგანოებს; მინდა, ასევე დიდი მადლობა გადავუხადო სახელმწიფო რწმუნებულს – გუბერნატორს.
ჩვენი მომავალი პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი სტრატეგიული ხაზი იქნება თვითმმართველობების გაძლიერება. ჩვენ პარლამენტთან ერთად ვახორციელებთ თვითმმართველობის უმნიშვნელოვანეს რეფორმას, რომელიც ითვალისწინებს მომავალი ათი წლის განმავლობაში, მშპ- თან მიმართებაში გავაორმაგოთ თვითმმართველობების დაფინანსება. ეს ნიშნავს იმას, რომ ადგილობრივი პროექტების დაფინანსება გაორმაგდება მშპ-თან მიმართებაში და მიაღწევს ევროპულ დონეს“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მისი განცხადებით, ერთ-ერთი ამოცანაა, გადაწყვეტილებების მიღების სიმძიმის ცენტრმა რეგიონებში, თვითმმართველობის ორგანოებში გადაინაცვლოს. ამ კონტექსტში პრემიერმა პარტიისა და პარტიული ორგანიზაციების სიძლიერის მნიშვნელობას, ასევე, მოქალაქეთა ჩართულობას გაუსვა ხაზი.
„სწორედ ამიტომ, ჩვენ გვჭირდება ძლიერი პარტია, ძლიერი პარტიული ორგანოები და სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი დელეგატების მუშაობა, რათა მათ მოიტანონ თქვენი სატკივარი, ამოცანები და სიხარული ცენტრალურ ორგანოებში, რომ ეს შემდგომ მაქსიმალურად აისახოს, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების, ისე პარლამენტის მუშაობაში. ჩვენი მოქალაქეების ჩართულობა ამაში უნდა იყოს მაქსიმალურად ფართო“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მისი თქმით, წინ ძალიან ბევრი წარმატებაა, რომლისთვისაც საჭიროა მაქსიმალური კონსოლიდაცია და პარტიული ორგანიზაციების გაძლიერება.