ირაკლი კობახიძე - თვითმმართველობის რეფორმაში მთავრობამ ლოკომიტივის ფუნქცია უნდა შეასრულოს, ეს პროცესი დაწყებულია და პრემიერს მადლობას ვუხდი
ირაკლი კობახიძე - თვითმმართველობის რეფორმაში მთავრობამ ლოკომიტივის ფუნქცია უნდა შეასრულოს, ეს პროცესი დაწყებულია და პრემიერს მადლობას ვუხდი

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, თუ მთავრობა ლოკომოტივის ფუნქციას არ შეასრულებს, ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის გატარება ძალიან გართულდება.

ირაკლი კობახიძემ ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმასა და დეცენტრალიზაციის მნიშვნელობაზე საქართველოს თვითმმართველობის განვითარების ხედვის პრეზენტაციაზე ისაუბრა.

სპიკერის თქმით, დეცენტრალიზაცია დემოკრატიული და ეფექტიანი მმართველობის სისტემის ფორმირების ერთ-ერთი უმთავრესი ქვაკუთხედია.

„მმართველობის სისტემა ბოლომდე გამართული რომ იყოს, ამას რამდენიმე ძირითადი პირობის შესრულება სჭირდება. ერთ-ერთი პირობა უკვე შევასრულეთ, საქართველომ ახალი კონსტიტუცია მიიღო, რომლითაც ძალიან დახვეწილი საპარლამენტო მმართველობის სისტემა ყალიბდება. ეს სისტემა ხელისუფლების დანაწილების კლასიკურ საპარლამენტო მოდელს ეფუძნება. შესაბამისად, ახალი რედაქციით ძალიან მყარი საფუძველი იქმნება, რათა ხელისუფლების დანაწილების პრინციპის შესაბამისად დემოკრატიული პროცესები განვითარდეს. ძალიან მნიშვნელოვანია საჯარო სამსახურის რეფორმის განხორციელება, რათა მმართველობის სისტემა მუდმივად დაიხვეწოს. გასული წლების განმავლობაში, ამ კუთხითაც არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი მივიღეთ და სახელფასო სისტემა მოწესრიგდა“, – აღნიშნა სპიკერმა.  

კობახიძე ფიქრობს, რომ რეფორმები უნდა გაგრძელდეს, რათა საბოლოო ჯამში, ქვეყანამ ევროპული და დასავლური ტიპის რაციონალური საჯარო სამსახურის სისტემა მიიღოს.

„მესამე მნიშვნელოვანი ასპექტი სწორი ტერიტორიული მართვის სისტემაა. ამ ნაწილში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერებას, რაც დემოკრატიული მმართველობის სისტემის ერთ-ერთი ქვაკუთხედია. გარდა იმისა, რომ დეცენტრალიზაცია დაკავშირებულია მართვის ეფექტიანობასთან, დეცენტრალიზაცია აუცილებელი პირობაა, რათა საბოლოო ჯამში დემოკრატიული სისტემა გამყარდეს და სისტემა სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის შესაბამისად ჩამოყალიბდეს. აქედან გამომდინარე, სახელმწიფო სისტემის განვითარებისთვის დეცენტრალიზაციის როლი ორმაგია“, – აცხადებს კობახიძე.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა პირდაპირ დაკავშირებულია საქართველოს მიზანთან, რომ ევროპული ოჯახისა და დასავლური თანამეგობრობის სრულფასოვანი წევრი გახდეს.

„ჩვენ მიზნად ევროპული ტიპის სახელწიფოს ჩამოყალიბებას ვისახავთ. ჩვენი საბოლოო მიზანია, ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი გავხდეთ და ეს შეუძლებელია, თუ ევროპული ტიპის დეცენტრალიზებულ მმართველობის სისტემას არ ჩამოვაყალიბებთ. აქედან გამომდინარე, ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა პირდაპირ დაკავშირებულია ჩვენს მიზანთან – ევროპული ოჯახისა და დასავლური თანამეგობრობის სრულფასოვანი წევრი გავხდეთ“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კობახიძე აღნიშნავს, რომ სისტემაში მთელი რიგი ხარვეზებია, რის გამოც რეფორმის მთავარი მიზანია, ხარვეზების აღმოიფხვრას და ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემა გაჯანსაღდეს, რაც კომპლექსური სტრატეგიის არსებობას საჭიროებს.

„ჩვენი მიზანია, კომპლექსური სტრატეგია და ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის საშუალოვადიანი ხედვა ჩამოყალიბდეს, რაშიც მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი მთავრობის როლია. თუ მთავრობა ლოკომოტივის ფუნქციას არ შეასრულებს, ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის გატარება ძალიან გართულდება. ეს პროცესი დაწყებულია და პრემიერ-მინისტრს მადლობას ვუხდი, რათა ამ პროცესის წარმართვა უზრუნველყოფილი მთელი ენთუზიაზმითაა“, – დასძინა კობახიძემ.

ამასთან, გამოსვლისას ირაკლი კობახიძემ იმედი გამოთქვა, რომ თვითმმართველობის რეფორმაზე საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციასთან აქტიური თანამშრომლობა ექნება.