გიორგი კვირიკაშვილი - სხვადასხვა რეგიონს შორის ცხოვრების დონის გათანაბრება ჩვენი უმთავრესი ამოცანაა
გიორგი კვირიკაშვილი - სხვადასხვა რეგიონს შორის ცხოვრების დონის გათანაბრება ჩვენი უმთავრესი ამოცანაა

ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა ჩვენთვის უმაღლესი პრიორიტეტია და მომავალი რეფორმების სიაში პირველ ადგილს იკავებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ახალციხეში, „სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის“ პირველ ყოველწლიურ ფორუმზე განაცხადა.

ამასთან, მისი თქმით, ძალიან სიმბოლურია, რომ პირველი ყოველწლიურ ფორუმი დღეს – ევროპის დღეს იმართება.

მან ფორუმზე ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით გეგმებზე ისაუბრა.

„ძალიან მნიშვნელოვანია რეფორმა, რომლის დაწყებაც ჩვენ სულ ცოტა ხნის წინ, პარლამენტის თავმჯდომარესთან, ირაკლი კობახიძესთან ერთად დავაანონსეთ და უმნიშვნელოვანესია, ის სრულიად ახალი ტენდენცია, რომელსაც 2014 წელს ჩაეყარა საფუძველი თვითმმართველობის ახალი კანონის მიღებით, რომელმაც აბსოლუტურად სხვა ჩარჩო ჩამოაყალიბა უფლებამოსილებების გამიჯვნის ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებებს შორის და, რომელმაც დასაბამი მისცა უფლებამოსილებების სულ სხვა დონეზე გამიჯვნას და განვითარებას, მათ შორის, ფინანსური რესურსების სხვანაირ განაწილებას და კომპეტენციების გამიჯვნას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისი თქმით, აღნიშნული რეფორმა ხელისუფლების უმთავრესი პრიორიტეტია, ვინაიდან სხვადასხვა რეგიონს შორის ცხოვრების დონის გათანაბრება მთავარი ამოცანაა.

„ჩვენთვის უმაღლესი პრიორიტეტი გახლავთ ეს რეფორმა მომავალი რეფორმების რიგში. მას შემდეგ, რაც ჩვენ ჩავატარეთ და უკვე ზურგს უკან გვაქვს მნიშვნელოვანი ძირეული რეფორმები, ვფიქრობ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა უდაოდ იკავებს პირველ ადგილს მომავალი რეფორმების სიაში, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი უმთავრესი ამოცანა გახლავთ ცხოვრების დონის გათანაბრება სხვადასხვა რეგიონს შორის და ეს უთანასწორობა, რაც გაქვს დღეს, არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევა“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მან რეგიონებში კვალიფიციური კადრების მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის რეფორმას ადამიანური რესურსი სჭირდება.

მისი თქმით, დაახლოებით 10 წლის განმავლობაში, მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში, ადგილობრივი თვითმმართველობების დაფინანსება გაორმაგდება, რაც იმას ნიშნავს, რომ რეგიონებში მეტი ფინანსური რესურსი იქნება.

„ეს ნიშნავს იმასაც, რომ უნდა იყოს გაცილებით მეტი კომპეტენცია. არავინ მინდა მიიღოს შეურაცხყოფად ეს, მაგრამ რეგიონულ ხელისუფლებებში ჩვენ გვჭირდება ძალიან კვალიფიციური კადრები. გვყავს დღეს ადამიანური რესურსი, მაგრამ გაცილებით  მეტი გვინდა“, – განაცხადა პრემიერმა და აღნიშნა, რომ ხელისუფლების სურვილია ახალგაზრდები, რომლებიც მიიღებენ საუკეთესო განათლებას, იყვნენ მოტივირებულნი თავიანთ რეგიონებს, სოფელს და რაიონს ემსახურონ.

პრემიერმა მადლობა გადაუხადა გაეროს, ასევე, ავსტრიის და შვეიცარიის საელჩოებს რეფორმის განხორციელების პროცესში დახმარებისთვის და აღნიშნა, რომ მთავრობა თავისი ოთხპუნქტიანი გეგმით და განსაკუთრებით, სივრცითი დაგეგმარების გეგმით, დიდ წვლილს შეიტანს აღნიშნული რეფორმის განვითარებაში.

„მას შემდეგ, რაც დავასრულებთ ძირითად სატრანზიტო ინფრასტრუქტურას, მთავარი აქცენტი გაკეთდება უკვე რეგიონებზე. დღესაც ბევრი პროექტი მიმდინარეობს – წყალმომარაგების, გაზიფიცირების, რეგიონული გზების მშენებლობის, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღორძინების, მაგრამ მომავალში ეს ყველაფერი რამდენიმე გზის გაიზრდება, გამომდინარე ჩვენი პრიორიტეტიდან, რომ რეგიონული დაფინანსება ორჯერ გავზარდოთ მთლიანი შიდა პროდუქტთან მიმართებაში და მთლიანი შიდა პროდუქტიც გაიზრდება ამ პერიოდში, მაგრამ, ასევე გამომდინარე იქიდან, რომ შიდა პრიორიტეტებში გადანაწილება ცენტრალური სატრანზიტო მაგისტრალებიდან და ინფრასტრუქტურიდან, მოხდება კიდევ უფრო მეტად ადგილობრივ ინფრასტრუქტურაში“, – განაცხადა პრემიერმა და ქვეყნის მასშტაბით მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტაში ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტს და პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნიას „სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის“ ყოველწლიური ფორუმის ინიციატივისთვის მადლობა გადაუხადა. პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული ინიციატივა დინამიურ განვითარებას ჰპოვებს და მასში აქტიურად ჩაერთვებიან, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, ასევე მოსახლეობა, განსაკუთრებით ახალგაზრდები.

პრემიერმა ფორუმის მონაწილეებს ევროპის დღე მიულოცა.

დატოვე კომენტარი