სერგი კაპანაძე უმრავლესობას – თვითმმართველობაზე რიხით საუბრის ნაცვლად, დროა, წაგება ღირსეულად მიიღოთ
სერგი კაპანაძე უმრავლესობას – თვითმმართველობაზე რიხით საუბრის ნაცვლად, დროა, წაგება ღირსეულად მიიღოთ

პარლამენტის ვიცე–სპიკერი სერგი კაპანაძე ფიქრობს, რომ ხელისუფლება საქართველოში დემოკრატიას საფრთხეს უქმნის, რაც მათი მხრიდან ადგილობრივი თვითმმართველობების მიმართ დამოკიდებულებაში გამოიხატება.

დღევანდელ პლენარულ სხდომაზე სერგი კაპანაძე ადგილობრივი თვითმმართველობების გარშემო განვითარებულ პროცესებს გამოეხმაურა და ხელისუფლებას მოუწოდა, წაგებულ ოლქებში დამარცხებას ღირსეულად შეხვდეს და შეეგუოს.

„ლამაზი სიტყვები გვესმოდა დეცენტრალიზაციაზე და რაღაც კონფერენციებზე. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, როცა საქმე ადგილობრივ თვითმმართველობას ეხება, საბაზისო პრინციპების გაგების პრობლემა გაქვთ. დაახლოებით იმ დონეზე ხართ, როცა ბიძინა ივანიშვილმა გიგი უგულავას უთხრა, სუბორდინაცია დაიცავიო. ალბათ გგონიათ, სუბორდინაციის დაცვა აუცილებელია და ადგილობრივი თვითმმართველობა ხელისუფლებას უნდა ემორჩილებოდეს. ადგილობრივი თვითმმართველობის ტესტია, რომ დამოუკიდებელი იყოს და მხოლოდ ხალხის ნებას ემორჩილებოდეს. დამოუკიდებლობაში ყველაზე გადამწყვეტი გამოძერწვაა, როცა ადგილობრივი ხელისუფლება ცენტრალურისგან განსხვავებულია. ამის შანსი 2012 წელს გქონდათ, როცა არჩევნები მოიგეთ და შემდეგი ერთი-ორი წელი წინა ხელისუფლება თვითმმართველობაში უნდა დარჩენილიყო. თურმე, ადგილობრივ თვითმმართველობებს ჩვენ რას ვუშვებდით და არ გახსოვთ, თქვენ რა უქენით? – თვითმმართველობებში ცეცხლი და მახვილივით შევარდით, კაბინეტებიდან ხალხი ურდოსავით გამოყარეთ, ორი წელი ვერ მოითმინეთ და იქამდეც მიხვედით, რომ თბილისის მერი მოხსენით. ანტიკონსტიტუციური ქმედება ჩაიდინეთ, მაგრამ გასაგებია, რევოლუციური თუ გამარჯვების ნაბახუსევი გქონდათ და ახლა იგივე ბორჯომში გააკეთეთ. როცა არჩევნები წააგეთ, ოპოზიციამ გაჯობათ და სამწუხაროდ, იმის ნაცვლად, რომ ამას შეგუებოდით, და რეგიონის განვითარებაზე გეზრუნათ, ჯერ ხელფასების ზრდის ინიციატივით გამოხვედით და როცა უარი მიიღეთ, მერმა გაფიცვა გამოაცხადა, რაც გაუგონარი რამ იყო. მას შემდეგ, რაც საქმეში დეპუტატები ჩაერივნენ, ძალადობა ვნახეთ. პოლიციას მოთხოვნა უნდა, რომ ძალადობა აღკვეთოს? ნაცვლად იმისა, რომ თვითმმართველობაზე რიხით ისაუბროთ და ლამაზი სიტყვები ისროლოთ, დროა, გაიგოთ, რომ დემოკრატია ასე არ მუშაობს, არჩევნებს თუ აგებთ, წაგება ღირსეულად უნდა მიიღოთ და ამას შეეგუოთ“, – მიმართა უმრავლესობას კაპანაძემ.

ამასთან, დეპუტატმა ვანი–ხონის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამარცხვინო ფაქტი მოხდა, რადგან მას შემდეგ, რაც გიგი უგულავა ამომრჩეველს შეხვდა, რომელიც „ენერგო–პრო ჯორჯიაში“ მუშაობდა, მას სამსახურიდან გაშვებით დაემუქრნენ.