გიორგი კვირიკაშვილი - ჩვენი ისტორიული ტერიტორიების ოკუპაცია დიდი პრობლემაა, რასაც კონსტრუქციული, პრინციპული მიდგომით უნდა გავუმკლავდეთ
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, უნდა მოიძებნოს რუსეთთან ისეთი ზონები და არეალი, რომელიც მომავალში შეიძლება გახდეს კონფლიქტების პოლიტიკური დარეგულირების პოზიტიური განხილვების დაწყების საფუძველი, ეს სფეროები შეიძლება იყოს ვაჭრობა, ტურიზმი, ჰუმანიტარული და კულტურული ურთიერთობები.
ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ დისკუსიაზე – „სტრატეგიული პერსპექტივა: ევრაზია“, მეზობლებთან, კერძოდ რუსეთთან ურთიერთობების შესახებ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.
პრემიერის თქმით, ჩვენი ისტორიული ტერიტორიების ოკუპაცია დიდი პრობლემაა, რასაც კონსტრუქციული, პრინციპული მიდგომით უნდა გავუმკლავდეთ.
„სამწუხაროდ, ჩვენ გვაქვს 2008 წლის ომის მემკვიდრეობა და ჯერ კიდევ გვიწევს ამ პრობლემების მოგვარება, რომლებიც საქართველომ მემკვიდრეობით მიიღო არა მხოლოდ 2008 წლის შედეგად, არამედ 90-იანი წლების დასაწყისიდან.
ჩვენი ისტორიული ტერიტორიების ოკუპაცია დიდი პრობლემაა. უნდა გავუმკლავდეთ ამ საკითხს კონსტრუქციული, პრინციპული მიდგომით, რაც ნიშნავს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პოლიტიკისა და კონკრეტულ ღირებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის გათვალისწინებას.
უნდა მოვძებნოთ რუსეთთან ისეთი ზონები და არეალი, რომელიც მომავალში შეიძლება გახდეს კონფლიქტების პოლიტიკური დარეგულირების პოზიტიური განხილვების დაწყების საფუძველი.
ეს სფეროები შეიძლება იყოს ვაჭრობა, ტურიზმი და რა თქმა უნდა, ჰუმანიტარული და კულტურული ურთიერთობები.
დღეს რუსეთის ბაზარი ღიაა საქართველოსთვის, თუმცა ის არ არის ერთადერთი ან დომინანტური ბაზარი საქართველოსთვის, რადგან საქართველოს ექსპორტი დივერსიფიცირებულია. ასევე, ძალიან პოზიტიურია, რომ ჩვენ ყოველწლიურად დაახლოებით ერთი მილიონი ვიზიტორი გვყავს რუსეთიდან.
ჩვენ გვაქვს ცალმხრივი უვიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის და რუს ტურისტებთან ეთნიკურ ნიადაგზე კონფლიქტის ერთი შემთხვევაც არ ყოფილა. ეს შეიძლება იყოს კარგი დასაწყისი კონფლიქტების დარეგულირების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოსთვის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია სტრატეგიული პრიორიტეტია.
„თუმცა მეორე მხრივ, რუსეთმა ასევე უნდა გაითვალისწინოს, რომ ის არ უნდა ელოდოს საქართველოს მთავრობისგან, რომ ის შეეგუება, როგორც რუსეთი აცხადებს, „ახალ რეალობას რეგიონში“, ჩვენს საკუთარ ტერიტორიაზე ახალ დამოუკიდებელ სახელმწიფოებს. ჩვენი მოლაპარაკებები უნდა ეფუძნებოდეს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას, რაც უნდა იყოს ყველა დისკუსიის ქვაკუთხედი ჩვენს რეგიონში და ეფუძნებოდეს საქართველოს სუვერენულ არჩევანს.
თქვენ იკითხეთ, როგორია საქართველოს პოლიტიკა რეგიონში არსებულ გამოწვევებთან მიმართებაში, მე შემიძლია გიპასუხოთ, რომ რა თქმა უნდა, მეზობლებთან ურთიერთობები ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი რეგიონული პროექტები აზერბაიჯანთან, თურქეთთან, ყაზახეთთან და რეგიონის სხვა ქვეყნებთან. ჩვენ გვაქვს სტრატეგიული ურთიერთობები აზერბაიჯანთან და თურქეთთან. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი მეზობლური ტრადიციული ურთიერთობები სომხეთთან და გვაქვს მნიშვნელოვანი ურთიერთობები ცენტრალური აზიის ქვეყნებთან.
აბრეშუმის გზის ქვეყნებთან ახალი პროექტებით ჩვენ რეგიონს დინამიკას ვძენთ, ეს კი რეგიონში მჭიდრო თანამშრომლობის გარეშე შეუძლებელია. ეს არის მდგრადი მშვიდობისთვის კარგი წინაპირობა.
საქართველოსთვის სტაბილურობა არის განსაზღვრა, თუ სად ვართ, ეს ეხება ღირებულებებს და ჩვენ ვთქვით, რომ საქართველოსთვის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის სტრატეგიული პრიორიტეტი და ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენ ქვეყანას ვაქცევთ ნამდვილ ევროპულ დემოკრატიად, ქვეყნად, რომელიც არის უნიკალური თავისი ღიაობით, თავისუფალი ვაჭრობით, ევროკავშირთან, ჩინეთთან, მეზობელ ქვეყნებთან, მათ შორის რუსეთთან და შიდა სტრუქტურული ღრმა რეფორმებით, რაც საქართველოს ნამდვილ დემოკრატიულ სახელმწიფოდ აყალიბებს. ეს არის ჩვენი მეხუთე მუხლი.
ჩვენ არ გვაქვს ნატო-ს დაცვა, თუმცა დასავლეთთან პარტნიორობა და კარგი სამეზობლო ურთიერთობები, საერთო ინტერესების ზონების მუდმივი ძებნა არის ჩვენი რეგიონის სტაბილურობის ფორმულა“, – განაცხადა საქართველოს პრემიერმა.