გიორგი კვირიკაშვილი - ჩვენი ამოსავალი ქვეყნის წინსვლა და ხალხის ცხოვრების დონის გაუმჯობესებაა
ჩვენი ყველას ვალია, მუხლჩაუხრელად გავაგრძელოთ ბრძოლა, შრომა, რომ ჩვენს ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ აღმოვფხვრათ სიღარიბე, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, ამბროლაურში პარტიის რეგიონულ კონფერენციაზე განაცხადა.
გიორგი კვირიკაშვილმა რეგიონში განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კიდევ ბევრი პრობლემაა გადასაჭრელი, თუმცა, მთავარია, რომ ხელისუფლება სწორ გზას ადგას.
„ჩვენ კარგად ვიცით, რომ ძალიან ბევრი პრობლემა კვლავაც გადასაჭრელია, მაგრამ მთავარია, რომ სწორ გზას ვადგავართ და ჩვენი ამოსავალი ქვეყნის წინსვლა და ხალხის ცხოვრების დონის გაუმჯობესებაა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისი თქმით, კიდევ ბევრია გასაკეთებელი იმისთვის, რომ საქართველოში აღარ იყოს გაჭირვებული ოჯახი და ერთხელ და სამუდამოდ აღმოიფხვრას სიღარიბე.
„რა თქმა უნდა, ჩვენ ბევრი საქმე გვაქვს გასაკეთებელი, რომ ჩვენს ქვეყანაში აღარ იყოს გაჭირვებული ოჯახი, აღარ იყოს არც ერთი გაჭირვებული ადამიანი და აღარ ჰქონდეს ის ტკივილი, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურად ვუყურებთ. ჩვენი ყველას ვალია, მუხლჩაუხრელად გავაგრძელოთ ბრძოლა, შრომა, რომ ჩვენს ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ აღმოვფხვრათ სიღარიბე“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მისი შეფასებით, რაჭა-ლეჩხუმი და სვანეთი ის რეგიონებია, სადაც ნამდვილად გმირი მოსახლეობა ცხოვრობს, რომლებმაც ურთულესი პერიოდი გამოიარეს.
„ამ ადამიანების გმირობა გვაიძულებს და გვაძლევს ენერგიას, კიდევ უფრო მეტი გავაკეთოთ, რომ ეს რეგიონი აყვავდეს. ეს ულამაზესი მხარე, ულამაზესი, გმირი და მშრომელი მოსახლეობით დასახლებული, ნამდვილად იმსახურებს, რომ აქ სიცოცხლე ჩქეფდეს და დუღდეს. ეს ჩვენი ყველას ვალია და ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ იქით, რომ ეს სწორედ ასე მოხდეს“, – განაცხადა პრემიერმა.
ამასთან, მან მადლობა გადაუხადა ადგილობრივ მმართველობას, მუნიციპალიტეტის მერს, გუბერნატორს, მაჟორიტარ დეპუტატს, რომლებიც მისი შეფასებით, ყოველდღიურ რეჟიმში არიან ჩართულნი რეგიონის პრობლემების გადაჭრაში და ზრუნავენ ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების წარმოჩენაზე ცენტრალურ ხელისუფლებაში.