ჩვენ დიდი გზა გამოვიარეთ, რათა გავმხდარიყავით ამერიკის შეერთებული შტატების ღირსეული პარტნიორი და ძლიერი მოკავშირე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
გიორგი კვირიკაშვილმა მაიკ პომპეის მადლობა გადაუხადა და თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა.
„ნება მომეცით, მოგილოცოთ ამ თანამდებობაზე დანიშვნა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ შეერთებული შტატებისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი მიზანდასახულობა და ენთუზიაზმი კიდევ უფრო განამტკიცებს მსოფლიოში აშშ-ის მტკიცე ლიდერობას და კიდევ უფრო გააღრმავებს აშშ-ს და საქართველოს მჭიდრო პარტნიორობას.
რამდენიმე დღეში ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების მე-100 წლისთავს. ჩვენ დიდი გზა გამოვიარეთ, რათა გავმხდარიყავით ამერიკის შეერთებული შტატების ღირსეული პარტნიორი და ძლიერი მოკავშირე. პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობით პარტნიორობა ჩვენს სახელმწიფოებს შორის მნიშვნელოვნად გაძლიერდა.
მომავალში ჩვენ ვხედავთ ჩვენი ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცების დიდ პოტენციალს ორივე ქვეყნის სტრატეგიული ინტერესების გათვალისწინებით, და დღევანდელი სესია იძლევა შესანიშნავ შესაძლებლობას, არა მხოლოდ განვიხილოთ მიღწეული პროგრესი, არამედ დავსახოთ ჩვენი კავშირების გაღრმავების პრიორიტეტები”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
როგორც პრმიერ-მინისტრმა აღნიშნა, აშშ-ის უწყვეტი მხარდაჭერის წყალობით საქართველოში განხორციელდა დემოკრატიის კონსოლიდაცია, გაძლიერდა სახელისუფლებლო ინსტიტუტები და შეიქმნა მეტი შესაძლებლობა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი რეგიონის ეკონომიკური განვითარებისთვის.
„ჩვენ ვამაყობთ, რომ ვართ მსოფლიოს ლიდერი რეფორმატორი ქვეყნების სიაში, და ამერიკის შეერთებულ შტატებსაც შეუძლია, იამაყოს ამ წარმატებაში შეტანილი წვლილით. საქართველო დიდად აფასებს აშშ-ის მხრიდან ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევ და უპირობო მხარდაჭერას. აშშ-ის მხარდაჭერას რუსეთის ფედერაციასთან კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისა საქართველოს ტერიტორიების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დეოკუპაციის პროცესში უდიდესი მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის და რეგიონში სტაბილურობისათვის. ჩვენს სახელმწიფოებს აქვთ მთელ მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების საერთო მიზნები. ჩვენ ერთად, მხარდამხარ ვაგრძელებთ ბრძოლას ტერორიზმის წინააღდეგ ავღანეთში, სადაც ორივე ქვეყანამ მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადა. თავდაცვის სფეროში ჩვენი ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობა დიდ დახმარებას უწევს საქართველოს თავისი შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციასა და თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაში”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოში რამდენიმე დღის წინ აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაური გენერალი სკაპაროტი იმყოფებოდა და გახსნა საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა, ისტორიული პროგრამა და ტრენინგის ინიციატივა, რაც წარმოადგენს საქართველოსა და აშშ-ის შორის პარტნიორობაში ახალი ეპოქის დაწყებას, რომელსაც წვლილი შეაქვს შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცებაში და, შესაბამისად, ზოგადად, ევროპაში უსაფრთხოების სტაბილურობის საქმეში.
„ამ ეტაპზე ჩვენ უკვე მზად ვართ, მივაღწიოთ კიდევ უფრო შთამბეჭდავ პროგრესს უსაფრთხოების სფეროში ჩვენს ორმხრივ და მრავალმხრივ თანამშრომლობაში. ჩვენ მივაღწიეთ მნიშვნელოვან პროგრესს ნატოსთან ურთიერთქმედების განმტკიცების მხრივ. ჩვენი სტატისტიკა უკვე აღემატება მთლიანი შიდა პროდუქტიდან თავდაცვის ბიუჯეტზე გამოყოფილი სახსრების ნატოს სტანდარტს – 2 პროცენტს, სამხედრო ტექნიკაზე გამოყოფილი 20 პროცენტის ჩათვლით. ჩვენ მოხარული ვართ, რომ გვეძლევა შესაძლებლობა შევიძინოთ აშშ-ს სამხედრო თავდაცვითი აღჭურვილობა. აშშ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში. წელს, ბრიუსელის ნატოს სამიტის მოახლოებასთან ერთად, ჩვენ მოველით, რომ სათანადოდ აისახება ჩვენი უმნიშვნელოვანესი პროგრესი ნატოს წევრობისკენ მიმავალ გზაზე. საქართველოს გაწევრება ნატო-ში კიდევ უფრო განამტკიცებს ევროატლანტიკურ უსაფრთხოებას. და მინდა მადლობა გადაგიხადოთ, მდივანო პომპეო, საქართველოს ნატოს წევრობასთან დაკავშირებით გამოთქმული თქვენი მხარდამჭერი სიტყვებისთვის. ეკონომიკური ტრანსფორმაცია და განათლება კიდევ ერთი სფეროა, რომელშიც ჩვენ გვაქვს აშშ-ის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა”, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, აშშ-ის დახმარებით, საქართველო იქცა მსოფლიოში ინვესტირებისა და ბიზნესის წარმოებისთვის ერთ-ერთ ყველაზე ხელსაყრელ ქვეყანად.
„დღეს, როდესაც ჩვენ გადავდივართ ჩვენი ურთიერთობების ახალ ატეპზე, ჩვენ ვხედავთ ორმხრივი კავშირების გაღრმავების მნიშვნელოვან პოტენციალს. აშშ-ის კერძო ინვესტიციები ისეთ პროექტებში, როგორიცაა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, კიდევ უფრო განამტკიცებს ამერიკის სტრატეგიულ ეკონომიკურ ინტერესებს რეგიონში. როგორც ევრაზიის კარიბჭე, რომელსაც აქვს უმნიშვნელოვანესი და უნიკალური თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების ქსელი ევროკავშირიდან ჩინეთამდე, რასაც ემატება აშშ-ის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებათა ქსელი, საქართველო წარმოადგენს იდეალურ ბაზას, საიდანაც ამერიკული ბიზნესი დაიმკვიდრებს ადგილს მთლიანად რეგიონში. საქართველო არის მსოფლიოში იმ რამდენიმე ქვეყანას შორის, რომლებსაც აქვთ აუცილებელი ინსტიტუტები, სტრატეგია და ბიზნესგარემო ამერიკის შეერთებულ შტატებთან ყოვლისმომცველი და სამართლიანი სავაჭრო შეთანხმებისთვის. ჩვენს ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, როგორც ამას „პრაისვოთერჰაუსკუპერსის“ (PricewaterhouseCoopers) უახლესი კვლევა ცხადყოფს, 5 წლის განმავლობაში ამერიკული პროდუქციის ექსპორტი შეიძლება გაიზარდოს 360%-ით, რის შედეგადაც აშშ-ში შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები.
სამომავლო თანამშრომლობის პოტენციალი ორივე ქვეყნისთვის უდიდესია. მე იმედით შევყურებ თქვენთან თანამშრომლობას ყველა მიმართულებით, რომლებიც შედის ამერიკელი და ქართველი ხალხის ინტერესებში. მოუთმენლად ველი თქვენთან შეხვედრას საქართველოში”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან შეხვედრის შემდეგ.