გიორგი კოხრეიძე - აჭარის მაუწყებელში წლების განმავლობაში იყო ბევრი დარღვევა, თანამშრომლების ნაწილს არ აქვს სურვილი, რომ ეს ყველაფერი საზოგადოებამ იხილოს
აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტების შიშებს საფუძველი არ აქვს, – ამის შესახებ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორმა, გიორგი კოხრეიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
კოხრეიძის თქმით, აჭარის მაუწყებელში წლების განმავლობაში ძალიან ბევრი დარღვევა იყო, რომელიც ახლა აღმოჩნდა. როგორც კოხრეიძე ამბობს, თანამშრომლების ნაწილს არ აქვს სურვილი, რომ ეს ყველაფერი საზოგადოებამ იხილოს.
„პროცესები მიდის ჩვეულებრივად. მე ჩემს საქმიანობას ვაგრძელებ. ისინი გამოხატავენ თავიანთ შიშებს, რომელთა საფუძველიც არ არსებობს. ერთ ფაქტს ვერ დაასახელებენ, რომ ვინმეს რაიმე ემუქრებოდა ან დაემუქრა. ვნახოთ, მომავალი გვიჩვენებს, როგორ იქნება ყველაფერი. მოტივაცია რა აქვთ, ეს ჩემთვის ძალიან რთული სათქმელია, მაგრამ რაღაც მოტივაცია რომ აქვთ, ეს ფაქტია. მაუწყებელში წლების განმავლობაში იყო ძალიან ბევრი დარღვევა, რომლებიც ახლა აღმოჩნდა და მათ არ აქვთ სურვილი, რომ ეს ყველაფერი საზოგადოებამ იხილოს“,- განაცხადა კოხრეიძემ.
მისივე თქმით, სამსახურიდან გაშვება არავის არ ემუქრება.
„სამსახურიდან გაშვება არავის არ ემუქრება, თუ, რა თქმა უნდა, თვითონ არ ექნება ვინმეს ამის სურვილი. მე ძალით ვერავის დავაკავებ. ეს პროცესი იმისთვის მჭირდება, რომ ცოტა უფრო ეფექტურად განვახორციელო ამ ორგანიზაციის მმართველობა.
სამი თვეა უკვე, მესმის ერთი და იგივე ლაპარაკი. მათ აქვთ ჩემ მიმართ არასწორი განწყობა და აქედან გამომდინარე, ცდილობენ, ყველანაირად შემიშალონ ხელი. გარედან ჩარევა არ მოხდება. რაც შეეხება მოადგილეებს, მყავს ორი მოადგილე. ერთ-ერთ მოადგილეს, აბსოლიტურად უკანონოდ, ჰქონდა წინა დირექტორის მიერ გადამეტებული უფლებები მინიჭებული. მე ეს გამოვასწორე, მეტი არაფერი მიქნია და, სამწუხაროდ, ის წავიდა ამის მერე სამსახურიდან. ის იყო ამ ორგანიზაციაში მოადგილე, საინფორმაციოს უფროსი და ჩემი მოადგილე. ეს დიდი პრობლემა იყო. ყველა კითხვაზე ჟურნალისტების რეაქციაა – ნუ ერევით ჩვენს დამოუკიდებლობაში, ამიტომ, შესაბამისად, ვცდილობ, დისტანციურად ვიყო, გარედან დავაკვირდე პროცესებს და რეაგირება მოვახდინო ნებისმიერ დარღვევაზე, როგორც კი გავა ეთერში“,- განაცხადა კოხრეიძემ.