გიორგი კოხრეიძემ „გრენობლთან“ კონტრაქტი გაწყვიტა #1TVSPORT
გიორგი კოხრეიძემ „გრენობლთან“ კონტრაქტი გაწყვიტა #1TVSPORT

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისა და „საბურთალოს“ ყოფილი ფეხბურთელი გიორგი კოხრეიძე და „გრენობლი“ კონტრაქტის გაწყვეტაზე შეთანხმდნენ, – ინფორმაციას საფრანგეთის ლიგა 2-ის გუნდის პრესსამსახური ავრცელებს.

„გიორგი კოხრეიძე „გრენობლის“ მოთამაშე აღარ არის. ქართველმა თავდამსხმელმა კლუბთან კონტრაქტის გაწყვეტაზე შეთანხმებას მიაღწია. ჩვენ მას გავიხსენებთ, როგორც მორიდებულ და კარგ ადამიანს. გიო, „გრენობლი“ გისურვებს ყოველივე საუკეთესოს მომავალ კარიერაში“, – წერია ფრანგული კლუბის გავრცელებულ განცხადებაში.

გიორგი კოხრეიძე „საბურთალოს“ ერთ-ერთი ლიდერი იყო, საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებშიც სისტემატურად იწვევდნენ. ის „გრენობლში“ 2021 წლის ზაფხულში გადავიდა.

მაგრამ ქართველ თავდამსხმელს არ გაუმართლა – ტრავმა ბოლომდე მორჩენილი არ ჰქონდა, საფრანგეთში კი პრობლემები გაურთულდა. საბოლოოდ, „გრენობლის“ ფორმით ყველა ტურნირზე მხოლოდ 8-ჯერ ითამაშა.

„კოხრეიძე 22 წლის ასაკში საფრანგეთში „საბურთალოდან“ მნიშვნელოვანი გამოცდილებით ჩამოვიდა, მაგრამ გასულ წელს მისი პროგრესი ხანგრძლივმა და ძალიან დამღლელმა ტრავმამ შეაფერხა. ამჟამად კარიერაში წინსვლა არ ჰქონდა და გუნდის დატოვება საერთო ინტერესებს პასუხობდა“, – წერს maligue 2.