სოფლის განვითარების მიმართ საქართველოში არსებული მიდგომა უნდა შეიცვალოს, – ამის შესახებ პოლიტიკისა და მართვის საკონსულტაციო კომპანიის (პიემსიჯი) ანალიტიკოსმა, გიორგი ხიშტოვანმა დღეს საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობის დროს განაცხადა.
გადაცემაში საერთაშორისო ფორუმში – „ევროპის განვითარების დღეები“ საქართველოს მონაწილეობის შესახებ იმსჯელეს. 18-19 ივნისს ბრიუსელში, „ევროპის განვითარების დღეებზე“ საქართველოს დებიუტი შედგა. ფორუმზე, რომელიც უკვე 14 წელია, ევროკომისიის ორგანიზებით იმართება, საქართველომ ორი პროექტი წარადგინა: „ხულოს მუნიციპალიტეტის განვითარების გეგმა 2018-22 წლებში“ და „მერები ეკონომიკური ზრდისთვის.“
საქართველოს მიერ წარდგენილი ორივე პროექტი რეგიონისა და სოფლის განვითარებაზე აკეთებს აქცენტს და ორივეს ევროკავშირი აფინანსებს. ხიშტოვანის შეფასებით, ორივე პროექტი ერთმანეთს ავსებს.
„ჩვენთვის ძალიან საამაყო იყო, რომ ფორუმზე, სადაც ძალიან ბევრი პროექტი იყრის თავს მსოფლიოს მასშტაბით, საქართველოდან პირველად ორი პროექტი წარდგა. ორივეს ევროკავშირი აფინანსებს და ორივე ადგილობრივ განვითარებას ეხება. პრინციპში, ეს ორივე პროექტი ერთმანეთს ავსებს. ხულოს განვითარების პროექტში საუბარია იმაზე, რომ ადგილობრივი განვითარების ჯგუფი შეიქმნას, რომელიც ადგილობრივი განვითარების სტრატეგიას შეიმუშავებს და შემდეგ ადგილობრივ დონეზე იმ კომერციული და არაკომერციული პროექტების დაფინანსებას განახორციელებს, რომლებიც სტარტეგიასთან შესაბამისობაში მოვა. აქ ყველაზე მთავარი კომპონენტი ის არის, რომ ამ ჯგუფის ძირითადი მონაწილეები ადგილობრივი აქტიური მოქალაქეები არიან, ვისაც მუნიციპალური განვითარება აინტერესებთ. ეს არის ე.წ. ქვემოდან წამოსული ინიციატივა, რომელმაც განვითარებას უნდა შუწყოს ხელი. მეორე პროექტი, რომლის პარტნიორიც „პიემსიჯი“ ჯგუფია, ადგილობრივი ხელისუფლების გაძლიერებას ეხება. ეს არის ინიციატივა, რომელმაც აღმოსავლეთ პარტნიორობის ათეულობით და შესაძლოა, ასეულობითაც, ქალაქისა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა უნდა გააერთიანოს და ადგილობრივი ხელისუფლების გაძლიერებას შეუწყოს ხელი. აქ განსაკუთრებული აქცენტი ეკონომიკური განვითარების ხელშემწყობ ღონისძიებებზე კეთდება, რომლებმაც ადგილზე ეკონომიკურ განვითარებას უკეთესი მიმართულება უნდა მისცეს“, – განმარტა ხიშტოვანმა.
მისი ინფორმაციით, ხულოს განვითარების პროექტი მნიშვნელოვანია იმის გამო, რომ იქ აღნიშნული პრობლემები, რომელიც სოფლის ცხოვრების პრაქტიკულად ყველა სფეროს მოიცავს ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობის, სპორტის, კულტურისა და განათლების საკითხების ჩათვლით, თავად ადგილობრივმა მოსახლეობამ განსაზღვრა.
ხიშტოვანმა ხაზი გაუსვა, რომ ხულოს განვითარების პროექტის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი ადგილობრივი მცხოვრებლების ინიციატივით დაწყებული კომერციული და არაკომერციული პროექტების დაფინანსებაა.
„მეორე მნიშვნელოვანი საკითხია, რომ პროექტი კომერციული და არაკომერციული პროექტების დაფინანსების საშუალებას იძლევა. ცხადდება საგრანტო კონკურსი და ადამიანებს, რომლებიც რეგიონში არსებული პრობლემების გამოსწორებით არიან დაინტერესებული, რესურსებზე წვდომა ექნებათ. კრიტიკულად მნიშვნელოვანია ადგილობრივ ხელისუფლებასთან პარტნიორობა. იგულისხმება, რომ ეს პარტნიორობა მხოლოდ პროექტის მიმდინარეობის პერიოდით არ შემოიფარგლოს. სასურველია, ამ აქტიური მოქალაქეების ჯგუფმა მომავალშიც შეძლოს ადგილობრივი ბიუჯეტიდან თუნდაც მცირე დაფინანსების მიღება ერთის მხრივ, თავად მოსახლეობის მიერ განსაზღვრული პრობლემების გადასაჭრელად და მეორე მხრივ, კომერციული მიმართულების ხელშესაწყობად“, – განაცხადა ხიშტოვანმა.
მისი ინფორმაციით, ხულოს მუნიციპალიტეტში იდეების კონკურსი უკვე გამოცხადდა და იქ მცხოვრებ ადამიანებს საშუალება აქვთ, მონაწილეობა მიიღონ.
ხიშტოვანის ინფორმაციით, პროექტზე მუშაობის დროს გამოიკვეთა, რომ ქართული სოფლის განვითარებას ყველაზე მეტად აფერხებს საზოგადოების მცდარი მიდგომა, რომელიც სოფლის განვითარებას სოფლის მეურნეობის განვითარებასთან აიგივებს.
„პროექტის ფარგლებში ერთ-ერთ გამოწვევად დავაფიქსირეთ ის ფაქტი, რომ ჩვენი აზროვნება სოფელთან მიმართებაში კონცენტრირებულია სოფლის მეურნეობაზე. ეს უნდა შეიცვალოს. თანამედროვე სოფელი განვითარებულ ქვეყნებში დიდი ხანია, გასცდა სოფლის მეურნეობას. სოფლის განვითარება თავის არსში მხოლოდ სოფლის მეურნეობის განვითარებას არ გულისხმობს. შეიძლება ითქვას, სოფლის მეურნეობის განვითარებას ყველაზე მცირე დოზით გულისხმობს და სულ სხვა სექტორებია პრიორიტეტული. ეს აზროვნება შესაცვლელია და ამაში მონაწილეობა ყველამ უნდა მივიღოთ. ინტერნეტი, ბიბლიოთეკები, განათლების ობიექტები – ეს სჭირდება ყველას დღეს სოფლად, რომ იქ დარჩეს, იყოს პროდუქტიული და განვითარებას შეუწყოს ხელი“, – განმარტა გიორგი ხიშტოვანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“.