გიორგი ხელაშვილი - ოპოზიცია ძლიერი რომ იყოს, სამართლებრივი გზებით იბრძოლებდა, ქუჩაში ყოფნა მათი სისუსტის მაჩვენებელია
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ხელაშვილმა განაცხადა, რომ ატლანტიკური საბჭოს ონლაინშეხვედრაზე ისაუბრა, თუ რა არის ოპოზიციის პასუხისმგებლობა საქართველოში შექმნილ ვითარებაში.
მისივე თქმით, ქვეყნაში კრიზისი ოპოზიციის უპასუხისმგებლო საქციელმა გამოიწვია. ამასთან, როგორც ხელაშვილი აცხადებს, მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ოპოზიციას მოუწოდებს, პარლამენტში შევიდეს.
„ორივე მხარის პოზიციები იყო წარმოდგენილი. ვისაუბრე, მთავრობა ამ ვითარებას როგორ ხედავს და რა არის ოპოზიციის პასუხისმგებლობა შექმნილ ვითარებაში. შესაბამისად, ბრალდებებზე პასუხი იყო ის, რომ მელიას დაჭერა არ იყო მთავარი წყალგამყოფი, რამაც საქართველოში კრიზისი შექმნა. ქვეყნაში კრიზისი ოპოზიციის უპასუხისმგებლო საქციელმა შექმნა, რაც დაკავშირებული იყო არჩევნების გაყალბებაზე სრულიად უპასუხისმგებლო განცხადებებთან. მელიას სრულიად კანონიერი დაპატიმრება კი ამ პოლიტიკური კრიზისის ერთ-ერთი ესკალაცია იყო. კრიზისი ხელოვნურია იმდენად, რამდენადაც ძალიან კარგად ვხედავთ, რომ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ოპოზიციას მოუწოდებს, პარლამენტში შევიდეს და ჩვენ ყველას მოგვიწოდებს საქმე ვაკეთოთ, რაც დაკავშირებულია პანდემიასთან, ეკონომიკურ კრიზისთან და ამ ვითარებიდან ქვეყნის გამოყვანასთან. ამის ნაცლად ჩვენ გვიწევს ისევ და ისევ ოპოზიციასთან სრულიად უსაგნო დაპირისპირებაში შესვლა. ის, თუ როგორ უნდა გამოვიდეთ ამ კრიზისიდან, ჩვენ და დასავლელ პარტნიორებს გაცილებით საერთო პოზიციები გვაქვს, ვიდრე ოპოზიციასა და პარტნიორებს.
ის, რომ ატეხილია ხმაური და რამდენიმე ათეული ადამიანის მიერ პარლამენტის პიკეტირება ხდება, შემდეგ კი ვირტუალურად ამის გავრცელება მთელ მსოფლიოში, არ ნიშნავს, რომ მთელი დასავლეთი საქართველოს აკრიტიკებს. ოპოზიცია ძლიერი რომ იყოს, მაშინ ისინი კონსტიტუციური და სამართლებრივი გზებით იბრძოლებდნენ. სწორედ მათი სისუსტის მაჩვენებელია ის, რომ ქუჩაში არიან“, – განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.