გიორგი კეპულაძე - ახალი რეგულაციები სესხის აღების მსურვებ თვითდასაქმებულებს, რომლებიც შემოსავალს ვერ ადასტურებენ, კერძო მევახშეებისკენ უბიძგებს
ჭარბვალიანობის პრობლემასთან ერთი ხელის მოსმით, ხისტად ბრძოლა არასწორია – ამის შესახებ “საზოგადოება და ბანკების” გამგეობის თავმჯდომარემ, გიორგი კეპულაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„რა თქმა უნდა, სესხი ყველას არ უნდა მივცეთ. მით უმეტეს, სოციალურად დაუცველს ან ძალიან დაბალი შემოსავლის მქონე პირს, რომელიც პოტენციურად ცუდი გადამხდელია, მაგრამ ყველას ერთ ქვაბში მოხარშვა არ შეიძლება, რადგან თვითდასაქმებულ ადამიანებს, რომლებსაც შემოსავალი აქვთ, მაგრამ ამას ვერ ადასტურებენ, ნებსით თუ უნებლიედ, არაფორმალური სექტორისკენ, კერძო მევახშეებისკენ ვუბიძგებთ, რაც 90-იან წლებში უკვე გამოვიარეთ და შედეგებიც კარგად გვახსოვს“, – განაცხადა კეპულაძემ.
მისი თქმით, არ შეიძლება, ყველა მომხმარებელი, მათ შორის, მილიონამდე თვითდასაქმებული ერთი ხელის მოსმით, ერთ ქვაბში მოვხარშოთ, რადგან ამ ადამიანებს შემოსავალი რეალურად აქვთ, მაგრამ ამას ვერ ადასტურებენ.
„ჩვენ მათ ვთხოვთ, თავიანთი სამუშაოს ფორმალიზება მოახდინონ, ვთქვათ, მცირე მეწარმეებად დარეგისტრირდნენ და რაღაც გადასახადი გადაიხადონ, მაგრამ ჯერჯერობით, ეს არ მომხდარა. მართალია, თვითდასაქმებულები ჩრდილოვანი სექტორია. ასეთია სოფლად მცხოვრებ ადამიანთა 99%, რადგან ისინი საკუთარ მიწაზე მუშაობენ და არანაირ გადასახადს არ იხდიან. თუ მაგალითად, მსხვილი ფერმები არ აქვთ, ბანკში, ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში საკუთარი შემოსავლის დადასტურება უჭირთ, მაგრამ მათთვის ერთი ხელის მოსმით იმის თქმა, რომ ხვალ სესხს ვეღარ აიღებენ, პრობლემას წარმოქმნის“, – განაცხადა კეპულაძემ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, იქნება თუ არა ახალი რეგულაცია ბიძგი თვითდასაქმებულებისთვის, რომ ჩრდილიდან გამოვიდნენ, გიორგი კეპულაძემ განაცხადა, რომ არასწორია, როცა ისეთ ადამიანებს, რომლებსაც საგადასახადო სისტემასთან შეხება არასდროს ჰქონიათ, ვეუბნებით, რომ რაღაც გადასახადი უნდა გადაიხადონ და დაიბეგრონ.
„მოსახლეობასთან სწორი კომუნიკაცია უნდა მოხდეს და მოქალაქეებს უნდა ავუხსნათ, რა გადასახადი უნდა გადაიხადონ, რატომ უღირთ მისი გადახდა და ა.შ. მოსახლეობის ინფორმირება ეროვნულმა ბანკმა და ფინანსთა სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს, ვინც რეფორმებს ატარებს“, – განაცხადა გიორგი კეპულაძემ.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გამოაქვეყნა პროექტი, რომელიც სესხის გამცემ ორგანიზაციებს ახალ რეგულაციებს უწესებს.