გიორგი კალანდარიშვილი - ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით შესაძლებლობა იქნება, გამარტივდეს კენჭისყრის პროცესი, პასუხი გაეცეს ყველა წუხილს თუ მანიპულაციას, რომელიც არსებობდა
გიორგი კალანდარიშვილი - ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით შესაძლებლობა იქნება, გამარტივდეს კენჭისყრის პროცესი, პასუხი გაეცეს ყველა წუხილს თუ მანიპულაციას, რომელიც არსებობდა

ცესკო-ს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ხმის მიცემის პროცესთან დაკავშირებით  ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანიები დაიწყეს.

მისივე თქმით, ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით გამარტივდება კენჭისყრის პროცესი და უზრუნველყოფილი იქნება არჩევნების ევროპული, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარება.

„დღეს ჩვენ დავიწყეთ ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანიები საჯარო უწყებებისთვის, დავიწყეთ საკანონმდებლო ორგანოდან, როგორც საარჩევნო რეფორმის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედიდან. მნიშვნელოვანია, რომ ამ რეფორმის ტექნოლოგიური ინტერვენციის პირობებში უზრუნველყოფილი იყოს ამომრჩეველთა, ჩართული მხარეების ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება ყველა იმ სიახლის შესახებ, რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაცია ამ რეფორმის აღსრულების მიზნით განახორციელებს. აღსანიშნავია, რომ 2024 წლის ოქტომბერში გასამართი პარლამენტის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა 90%-ს ექნება შესაძლებლობა, მიიღოს ის სერვისი, რასაც ჰქვია ამომრჩეველთა რეგისტრაცია შესაბამისი ტექნოლოგიური გადაწყვეტებით და საარჩევნო ბიულეტენის მოთავსება ხმების მთვლელ აპარატში, რაც, ორივე ერთად, კომბინირებულად იძლევა შესაძლებლობას, დაზღვეული იყოს ადამიანური ფაქტორით გამოწვეული შემთხვევები; ეს შემთხვევები მინიმუმამდე იყოს დაყვანილი, გამარტივდეს კენჭისყრის პროცესი, პასუხი გაეცეს ყველა წუხილს თუ მანიპულაციას, რომელიც წინა წლებთან მიმართებით არსებობდა შედეგების სიზუსტესთან, წინასწარი შედეგებისა და მონაცემების მოკლე დროში გამოქვეყნებასთან მიმართებით, რათა ერთობლივი ძალისხმევით უზრუნველვყოთ 2024 წელს და ყველა შემდგომი არჩევნების მაღალპროფესიულ დონეზე, ევროპული, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარება.

ერთი არის ტექნოლოგიები და მეორეა მისი მხარდამჭერი საერთაშორისო კომპანია „სმარტმატიკი“, რომელიც 30-ზე მეტ ქვეყანაში 115-ზე მეტი არჩევნების მოდერნიზებას ახორციელებს. ამასთან, აღსანიშნავია ის საკანონმდებლო, დამცავი, დამატებითი მექანიზმები, როგორიც არის ყველა საარჩევნო უბნის გადათვლა, სადაც საარჩევნო ტექნოლოგიური აპარატები იქნება განთავსებული, ასევე, ტრადიციული უბნების შემთხვევაში, ბიულეტენების გაციფრულება, გასაჯაროება და ხელმისაწვდომობა. ამ პროცესის აუდიტირება მოხდება ამერიკული კომპანიის მიერ, რათა პროცესში უზრუნველყოფილი იყოს მაქსიმალური საჯაროობა, ღიაობა“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

კალანდარიშვილის განცხადებით, ემიგრანტებთან დაკავშირებით, გარკვეულ შემთხვევაში, საკანონმდებლო დონეზე გაიზარდა ვადები ამომრჩევლების მიმართვიანობის.

„უნდა აღინიშნოს, რომ, ემიგრანტების შემთხვევაში, საკანონმდებლო დონეზე გაიზარდა ვადები ამომრჩევლების მიმართვიანობის ისეთი შემთხვევებისთვის, როდესაც ამომრჩეველი არ იმყოფება საკონსულო აღრიცხვაზე. მათ არჩევნებში მონაწილეობის მიზნით შეუძლიათ, მიმართონ შესაბამის საკონსულო დაწესებულებებს და მოითხოვონ არჩევნებში მონაწილეობა, შესაბამისი რეგისტრაცია“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.

ცესკო-ს თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ ტექნოლოგიური საშუალების გამოყენებისას უზრუნველყოფილი არ არის ინტერნეტი, რაც აზღვევს რისკს, რომელიც კიბერსაფთხეებს, კიბერჩარევებს უკავშირდება.

„რაც შეეხება ტექნოლოგიების გამოყენებას, როგორც მოგეხსენებათ, არც ერთი და არც მეორე ტექნოლოგიური საშუალების გამოყენების შემთხვევაში არ არის უზრუნველყოფილი ინტერნეტი, რაც, თავის მხრივ, აზღვევს რისკს, რომელიც უკავშირდება კიბერსაფთხეებს, კიბერჩარევებს და ხსნის მოწყვლადობას ამ აპარატებთან მიმართებით. შესაბამისად, ამ მიზნით, ქვეყნის შიგნით არ ხდება ინტერნეტის გამოყენება. ბუნებრივია, ის, რომ ქვეყნის გარეთ ამომრჩეველთა მომსახურების მიზნით ინტერნეტის კომპონენტის გამოყენება ხდებოდა, თავის მხრივ, გარკვეულ საფრთხეებთან, რისკებთან არის დაკავშირებული, რაც, ჩემი აზრით, იმთავითვე გათვალისწინებული იქნა შესაბამისი პოლიტიკური გადაწყვეტილებისას, როდესაც ასეთი ტექნოლოგიურ ინვესტიციაზე იქნა შეთანხმება საკანონმდებლო ორგანოში“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.