გიორგი გვიმრაძე - ყველაფრის მწვერვალი, რასაც სახელსაც კი ვერ ვარქმევ, ისაა, რომ ქრისტეს ჯვარმცმელი ქრისტეს სახელით განმსჯის
ჩემთვის ყველაზე შემაშფოთებელი ის არის, რომ კაიაფა ქრისტეს სახელით განგვსჯის, – განაცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორმა, გიორგი გვიმრაძემ პირველი არხის გადაცემაში „საპრეზიდენტო არჩევნები 2018“.
„ამ ყველაფრის მწვერვალი, რასაც სახელსაც კი ვერ ვარქმევ, ისაა, რომ ქრისტეს ჯვარმცმელი ქრისტეს სახელით განმსჯის. რეალურად, არჩევანი აღარ არის, რადგან როცა არჩევანი ზნეობრივია, იქ არჩევანი აღარ არის. იქ აღარ შეიძლება, საკითხი ასე დასვა – ეს, თუ ის, ასე, თუ ისე, რადგან არჩევანი ზნეობრივია. თუ ზნეობრივი ხარ, ზნეობრივ არჩევანს აკეთებ, ხოლო თუ უზნეო ხარ, უზნეოს. მორჩა, დამთავრდა, იქ არაფერზე აღარ ვმსჯელობთ“, – განაცხადა გვიმრაძემ.
მისი თქმით, საარჩევნო კამპანია გუშინ დასრულდა და საბოლოო ჯამში, სულ მცირე, ერთი კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის მხარდამჭერისგან მივიღეთ ფორმა, რომლითაც ოპონენტთან მთელი ურთიერთობის კვინტესენცია მოხდა.
„ჩვენ მივიღეთ სახელის დარქმევა, რომ ეს ყველაფერი უბრალოდ, ტყუილები, ბრალდებები და რაღაცები კი არ არის, არამედ ეს ეს არის, რაც გუშინ ერთ-ერთი ტელევიზიის დირექტორის მიერ ითქვა“, – განაცხადა გვიმრაძემ.
როგორც გვიმრაძემ აღნიშნა, საბოლოო ჯამში, ამ ყველაფერზე პოლიტიკური თეორიების და სოციალური მეცნიერების პოზიციიდან საუბარმა აზრი დაკარგა.
„ამ ყველაფრის ახსნამ ფსიქოლოგიის პოზიციიდანაც კი დაკარგა აზრი და ჩემი აზრით, ეს ყველაფერი მხოლოდ თეოლოგიიდან იხსნება, რადგან მხოლოდ თეოლოგია ლაპარაკობს იმაზე, რომ ზნედაცემულობა უსაზღვროა, რომ მას საზღვარი არ აქვს, არსად ჩერდება და მას მხოლოდ ქრისტეს მეორედ მოსვლა გააჩერებს. ანუ, რეალურად, მხოლოდ თეოლოგიური კონტექსტიდან შეიძლება, იმზირებოდეს და გაიგებოდეს ის, რასაც გუშინ სახელი დაერქვა, რადგან პოლიტიკური თეორიები ასეთ რამეს არ იცნობს“, – განაცხადა გვიმრაძემ.
გვიმრაძემ ასევე განაცხადა, რომ მთავარი ისაა, ეს როგორი ფორმით იქნა მოწოდებული და არანაირი აზრი არ აქვს იმას, ჭორი ითქვა, თუ მართალი.
„ეს ასეთი ფორმით იყო მოცემული, რომ ეს ქრისტიანული მორალიდან არასწორია“, – განაცხადა გვიმრაძემ.
მისივე თქმით, ქართული საზოგადოების წინაშე რუბიკონი დადგა, რომელიც საბოლოო ჯამში უნდა გადავლახოთ.
„ყველაფერი ბოლომდე არის მოჭიმული. ყველაფერი სასწორზეა დადებული, ზნეობაც კი სასწორზე დევს და შემოსათავაზებელი აღარაფერია. საბოლოო ჯამში, ჩვენი რუბიკონი იმაში მდგომარეობს, ნაბიჯს გადავდგამთ წინ, ძალიან ურთულეს მომავალში, რომელიც ამ წუთის მონაცემებით ხილვადი არ არის და ზუსტად არ ვიცით, საით მივდივართ, როგორ მივდივართ, ეს სამყარო ჩვენთვის როგორი უნდა იყოს, ამ დამოუკიდებელ სამყაროში როგორ უნდა ვიცხოვროთ, როგორი ერი უნდა ვიყოთ და ა.შ, თუ დავრჩებით იმაში, რაშიც აქამდე ვართ, 27-წლიან დაუსრულებელ ტრაგედიაში და ტრანსფორმაციაში. დღეს, ეს ყველაფერი უკვე იმ სიმწვავით დგას, რომ ნაბიჯის უკან გადადგმის შესაძლებლობა აღარ არის და იმ შიშის მიუხედავად, წინ წასასვლელი რისკი ჩვენ თავზე გვაქვს ასაღები“, – განაცხადა გიორგი გვიმრაძემ.