გიორგი გვიმრაძე - უკრაინაში ბოლო პერიოდის ფაქტი მმართველ ელიტაში დაპირისპირების გამოვლინებაა
უკრაინაში ბოლო პერიოდში მომხდარი ფაქტი, ალბათ, უფრო შიდა პოლიტიკური პროცესის ნაწილი და მმართველი ელიტის შიგნით არსებული დაპირისპირების გამოვლინებაა, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორმა, გიორგი გვიმრაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„რა თქმა უნდა, გარედან გარკვეული ინტერესები და ჩარევა არსებობს. ამის მაგალითად მხოლოდ დონბასიც კმარა, საიდანაც პირდაპირ ჩანს, რომ უკრაინის მართვაში ვიღაცები ერევიან, მაგრამ სავარაუდოდ, ამ მმართველი ელიტის შიგნით არსებული გარკვეული პოლიტიკური ჯგუფი სააკაშვილის ფაქტორს იმის სადემონსტრაციოდ იყენებს, რომ ადამიანი, რომელიც ქვეყანას მართავს, სიტუაციას ვერ აკონტროლებს და ძალაუფლებას არ ფლობს“,- განაცხადა გვიმრაძემ.
როგორც მან აღნიშნა, შესაძლოა, ეს იყოს უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელსაც პოროშენკოსთან დაპირისპირების კონტექსტში აწყობდეს ის, რაც ქვეყანაში ხდება.
„თავის მხრივ, არსებობს იულია ტიმოშენკოც, რომელსაც გაცილებით მაღალი რეიტინგი აქვს, ვიდრე თუნდაც, პოროშენკოს პარტიას. რეალურად, საზოგადოების განწყობები მართვის პროცესზე ასახული არ არის. შესაბამისად, ეს იმ შიდა პოლიტიკურ დაპირისპირებას იწვევს, რაც საბოლოო ჯამში იწვევს რეალობას, რაც უკრაინაში შეიქმნა.
შიგნით არსებული პრობლემების გარეშე შეუძლებელია, ადამიანის დასაპატიმრებლად მიხვიდე დილის 07:00 საათზე, შემდეგ ის სახურავზე გაიქცეს, იქედან ასეთი ფორმით ჩამოიყვანო, ჩასვა მიკროავტობუსში, ერთი ადგილიდან მეორე ადგილას გადაყვანას რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდე და ბოლოს, ჩვეულებრივმა ადამიანებმა წაგართვან და სადღაც წაიყვანონ“, – განაცხადა გიორგი გვიმრაძემ.