გიორგი გვიმრაძე - ლაპარაკი, რომ აუდიოვიზუალური პროდუქტის ტენდერის გარეშე შესყიდვით რაღაც გაფუჭდება, აბსურდია
შესყიდვების საკითხში ყველაზე საინტერესო ის არის, რომ თურმე, ასოცირების ხელშეკრულებით საქართველოს ჰქონია ვალდებულება, შესყიდვა ისე მოვახდინოთ, როგორც ვითხოვდით, – ამის შესახებ ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორმა, გიორგი გვიმრაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„მთავარი ეს არის, რომ ამ ქვეყანას აქვს ვალდებულება, რასაც ჩვენ ვითხოვდით, ის გააკეთოს და საკანონმდებლო დონეზე დააწესოს. ევროკავშირმა ვალდებულებაში ჩაგვიწერა, რომ აუდიოვიზუალური პროდუქტის შესყიდვის წესი ყველასთვის ერთი უნდა იყოს. ჩვენ ჩვენთვის ვითხოვდით და ყველა დანარჩენმა თავისთვის უნდა მოითხოვოს“, – განაცხადა გვიმრაძემ.
მისი თქმით, საზოგადოებრივ მაუწყებელს მცდელობა არ ჰქონია, აუდიოვიზუალური პროდუქტი თუნდაც, ორეტაპიანი ტენდერით შეეძინა, რადგან ინტელექტუალური პროდუქტი ისე არ იყიდება, როგორც ცემენტი.
„მართალია, რომ აქამდე, ტენდერის სახით საზოგადოებრივ მაუწყებელს არც ერთი ინტელექტუალური პროდუქტი არ შეუძენია, მაგრამ ამ ინტელექტუალურ პროდუქტს თვითონ ხომ ამზადებს?! შიდა წარმოებაში დახარჯულ ფულს „ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“, „კოალიცია მედიის ადვოკატირება“ ან რომელიმე სხვა ორგანიზაცია როგორ აკონტროლებს, ან ვინ აკონტროლებს?! არსებობს ორი მაკონტროლებელი ორგანო, სამეურვეო საბჭო და აუდიტის სამსახური, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის დანახარჯებს თეთრი–თეთრზე აკონტროლებს და იმაზე ლაპარაკი, რომ თუ აუდიოვიზუალურ პროდუქტს ტენდერის გარეშე შევისყიდით რაღაც გაფუჭდება, აბსურდია“, – განაცხადა გიორგი გვიმრაძემ.