გიორგი გვიმრაძე EuroDIG 2018-ის მონაწილეების წინაშე მოხსენებით წარდგა
პირველი არხის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორმა გიორგი გვიმრაძემ თბილისში ინტერნეტ მმართველობის საკითხებზე ევროპული დიალოგი – EuroDIG 2018-ის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.
გიორგი გვიმრაძე გამოხატვის თავისუფლების პანელზე სიტყვით გამოვიდა, მისი მოხსენება რელიგიური გრძნობების წინააღმდეგ გამოხატვის თავისუფლებას ეხებოდა.
„ეს დისკუსია არა მარტო ჩვენთან, ზოგადად, ევროპულ საზოგადოებაშიც არის. საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს დისკუსია, როგორ გავიგოთ რელიგიური გრძნობები და როგორ უნდა გავიგოთ რელიგიური გრძნობების შელახვა.
მთავარი გამოწვევა იმაში მდგომარეობს, რომ უკეთ ვიცოდეთ ერთმანეთი. ადამიანებს ვერც გამოხატვის თავისუფლებას შევუზღუდავთ და ვერც იმას ვეტყვით, რომ არ უნდა ჰქონდეთ გრძნობები და გინდა თუ არა, აიტანონ ნებისმიერი შეურაცხყოფა. ამას ვერ ვიზამთ, შესაბამისად, ერთმანეთის უკეთესი ცოდნა, უკეთესი გაგება არის საჭირო იმისა, თუ ვინ რას რატომ როგორ ფიქრობს. ამ კომუნიკაციების დამყარება დღევანდელ დღეს ყველაზე მეტად არის საჭირო, რათა უფრო კარგად გავიგოთ, ვინ რას რატომ გამოხატავს და ვინ რას აღიქვამს თავის შეურაცხყოფად.
ცხადია, ძალიან რთული ამოცანაა და მარტივად ვერ მივაღწევთ, მაგრამ დღევანდელ დღეს ამ დაპირისპირებაში მნიშვნელოვანი კომპონენტია, უკეთ ვიცოდეთ ერთმანეთი“, – განაცხადა გიორგი გვიმრაძემ.
EuroDIG 2018-ში 500-ზე მეტი სტუმარი მონაწილეობს ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან. დიალოგის ფარგლებში განიხილება ყველა ის საკითხი, რაც ინტერნეტის მართვასა და ციფრული ეკონომიკის განვითარებას ეხება, კერძოდ: ადამიანის უფლებების დაცვა ინტერნეტში, გამოხატვის თავისუფლება, კიბერუსაფრთხოება, საავტორო უფლებების დაცვა და ა.შ.