გიორგი გვიმრაძე - ჩვევა უნდა გაუჩინო მაყურებელს თუ მკითხველს, იცოდეს ადგილი, სადაც შეუძლია, გადაამოწმოს მისთვის საეჭვო ინფორმაცია
მთელი მეინსტრიმ მედია მუშაობს მხოლოდ იმაზე, რომ ადამიანებმა ირაციონალური გადაწყვეტილებები მიიღონ, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორმა, გიორგი გვიმრაძემ გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„ინფორმაციის ირაციონალური ნაწილი მუდმივად წინ არის წამოწეული და მთელი ფეიკი ამაში მდგომარეობს; არა უბრალოდ ინფორმაციის მცირე გაყალბებაში, არამედ იმაში, რომ ამბის შესახებ მისი მხოლოდ ემოციური ნაწილი გაქვს წინ წამოწეული; მხოლოდ ის ნაწილი გაქვს წამოწეული, რომელიც მიიზიდავს, მოხიბლავს და ასე შემდეგ, მაგრამ აქედან მოხსნილია ის ნაწილი, რაც ადამიანს არჩევანს გააკეთებინებს. საბოლოო ჯამში, მსოფლიოში ვიღებთ ნიჰილისტურ საზოგადოებებს, რომლებიც აღარ დადიან არჩევნებზე, აღარ მონაწილეობენ პოლიტიკაში და ასე შემდეგ“, – განაცხადა გვიმრაძემ.
მისი თქმით, ნიჰილიზმი, ყველაფერთან ერთად, იწვევს ტრადიციული ინსტიტუტების მიმართ გაუცხოებას და უნდობლობას.
„ამ შემთხვევაში „კოვიდის“ ელემენტი რომ ავიღოთ, საბოლოო ჯამში, რაც უფრო ნაკლებია ტრადიციული ფორმალური ინსტიტუტების მიმართ ნდობა, მით მაღალია იმის შესაძლებლობა, რომ ყალბ ინფორმაციას დაუჯერო. ანუ, მე არ მინდა, დავუჯერო ტრადიციულ ინსტიტუციას, ფორმალურ ინსტიტუციას და მირჩევნია, დავუჯერო ისეთს, რომელიც რაღაც სხვაგვარს მეუბნება. იმიტომ, რომ ტრადიციული ინსტიტუტების მიმართ ჩემი დამოკიდებულება და ნიჰილისტური განწყობა ასეთია და რასაც ისინი მეუბნებიან, არ ვუჯერებ. შესაბამისად, ჩემთვის საწინააღმდეგოა უფრო მეტად დასაჯერებელი“, – განაცხადა გვიმრაძემ.
როგორც გიორგი გვიმრაძემ აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია, მედიამ ადამიანებს ნდობა გაუჩინოს.
„ნდობის ელემენტი საკმაოდ მნიშვნელოვანია იმ პროცესში, რომელზეც ახლა ვსაუბრობთ. შენ ჩვევა უნდა გაუჩინო ადამიანს, მაყურებელი იქნება ეს, მსმენელი თუ მკითხველი, რომ ვიცოდე ადგილი, სადაც შემიძლია, გადავამოწმო ნებისმიერი ინფორმაცია, რომელმაც შეიძლება, ცოტათი მაინც დამაეჭვოს“, – განაცხადა გვიმრაძემ.
მისივე თქმით, ბოლო ათწლეულების განმავლობაში ჟურნალისტიკამ, როგორც პროფესიამ, მნიშვნელოვნად დაკარგა საზოგადოებასთან ნდობის მომენტი და შესაბამისად, ჟურნალისტებისთვის ეს მეორე სერიოზული გამოწვევაა.