გიორგი გუგავა - ხელისუფლებამ ტოტალურად გააყალბა საპარლამენტო არჩევნები და ეს თუ არ გასწორდა ახალი არჩევნებით 2021 წელს, ისე სხვა არჩევნებში მონაწილეობა შეუძლებელი იქნება
ხელისუფლებამ ტოტალურად გააყალბა საპარლამენტო არჩევნები და ეს თუ არ გასწორდა ახალი, სამართლიანი არჩევნებით 2021 წელს, სხვა არჩევნებში მონაწილეობა შეუძლებელი იქნება, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა არჩევნების თარიღთან დაკავშირებით „ლელოსა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ მოსაზრებებთან დაკავშირებით განაცხადა.
გუგავა აცხადებს, რომ პატივს სცემს პარტნიორების ინიციატივებს, მოსაზრებებს, მაგრამ ფიქრობს,რომ ეს ინიციატივა რამდენიმე საფრთხეს შეიცავს.
„დრო არ არის იმის, რომ ამ ხელისუფლებას ვაცალოთ, ამოვისუნთქოთ. დღითიდღე უარესდება ეკონომიკური, სოციალური მდგომარეობა ქვეყანაში. ჩვენ ვუყურებთ, ხელისუფლება გადავიდა რეპრესიებზე. ამიტომ დასაკარგი დრო არ არის. ასევე, ეს ინიციატივა გულისხმობს პარლამენტში შესვლას, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, რაც თავისთავად მიუღებელია. ხელისუფლებამ ტოტალურად გააყალბა საპარლამენტო არჩევნები, თუ ეს არ გასწორდა ახალი, სამართლიანი არჩევნებით 2021 წელს, ისე შეუძლებელი იქნება სხვა არჩევნებში მონაწილეობა. მით უმეტეს, როდესაც ვიცით წინასწარვე, რომ გააყალბებს ამ არჩევნებს. ვფიქრობ, ეს შეჯერებადი საკითხია. იქნება ოპოზიციური შეხვედრა, ჩვენ შევაჯერებთ ჩვენს მოსაზრებებს, გავუზიარებთ ერთმანეთს და როგორც ყოველთვის, შევთანხმდებით ოპტიმალურ გამოსავალზე“,- განაცხადა გიორგი გუგავამ.
„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, პარტიას ყველაზე რეალისტურად მიაჩნია, რომ სრულად პროპორციული არჩევნები ბუნებრივი ბარიერით 2022 წლის გაზაფხულზე ჩატარდეს. როგორც ხაზარაძე აღნიშნავს, 2022 წელი იმიტომ, რომ წელს ადგილობრივი არჩევნებია ჩასატარებელი, შესაბამისად, ორი არჩევნების ჩატარება, მისივე თქმით, ერთდროულად არარეალურად ეჩვენება.
ამასთან, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ „არჩევნები შეიძლება იყოს 2022 წელს, საპარლამენტო 2021-ში და თვითმმართველობის 2022-ში, მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გადადგას ნაბიჯები“.