მამუკა ხაზარაძე - „ლელოს“ ყველაზე რეალისტურად მიაჩნია, სრულად პროპორციული არჩევნები ბუნებრივი ბარიერით 2022 წლის გაზაფხულზე ჩატარდეს
მამუკა ხაზარაძე - „ლელოს“ ყველაზე რეალისტურად მიაჩნია, სრულად პროპორციული არჩევნები ბუნებრივი ბარიერით 2022 წლის გაზაფხულზე ჩატარდეს

„ლელო“და დანარჩენი ოპოზიცია, რომელსაც გაუყალბეს, მოპარეს არჩევნები, არ აპირებს ამასთან შეგუებას და პარლამენტში შესვლას, – ამის შესახებ პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე აცხადებს.

ხაზარაძე აღნიშნავს, რომ არ აპირებენ მმართველ პარტიასთან ვაჭრობას და უსაგნო მოლაპარაკების გაგრძელებას, თუ არ შესრულდება ოპოზიციის მთავარი მოთხოვნა.

„პარლამენტში მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, „ლელო“ და დანარჩენი ოპოზიცია, რომელსაც გაუყალბეს და მოპარეს არჩევნები, არ აპირებს ამასთან შეგუებას და პარლამენტში შესვლას. ეს დღესავით ნათელი უნდა იყოს მართველი პარტიისთვის, ჩვენ არ ვაპირებთ მათთან ვაჭრობას და უსაგნო მოლაპარაკების გაგრძელებას, თუ არ იქნება შესრულებული ჩვენი მთავარი მოთხოვნა და მიღწეული მთავარი მიზანი – ვადამდელი არჩევნების დანიშვნა. თუ ეს არ მოხდება, გაფორმდება ერთპარტიული პარლამენტი და „ქართულ ოცნებას“ მოუწევს სრული პასუხისმგებლობის აღება ქვეყნის ერთპარტიულ მართვაზე და შექმნილ კრიზისზე, ხოლო საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი დარჩება პარლამენტში წარმომადგენლობის გარეშე“, – ნათქვამია ხაზარაძის განცხადებაში.

მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ „ლელოს“ ყველაზე რეალისტურად მიაჩნია, სრულად პროპორციული არჩევნები ბუნებრივი ბარიერით 2022 წლის გაზაფხულზე ჩატარდეს.

„ლელოს“ აზრით, ყველაზე რეალისტურ გამოსავლად მიგვაჩნია სრულად პროპორციული არჩევნები, ბუნებრივი ბარიერით 2022 წლის გაზაფხულზე – ახალი საარჩევნო სისტემით და ცესკო-ს ახალი შემადგენლობით. 2022 წელი იმიტომ, რომ წელს ადგილობრივი არჩევნებია ჩასატარებელი, შესაბამისად, ორი არჩევნების ჩატარება ერთდროულად არარეალურად გვეჩვენება. მოვუწოდებთ სამოქალაქო საზოგადოებას, არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომ აქტიურად ჩაერთონ ამ მძიმე ვითარების განმუხტვის პროცესში.

დრო ყველა ჩვენთაგანის და ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ მუშაობს! რადგან რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება პოლიტიკური კრიზისი, მით უფრო გამწვავდება ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა, გაღატაკდება ქვეყანა! მით უფრო რთული იქნება ამ ჩიხიდან გამოსვლა. გვახსოვდეს, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიების, არამედ თითოელი მოქალაქის ხელშია!“, – აღნიშნულია მამუკა ხაზარაძის განცხადებაში.