გიორგი გახარია - ყველა ვთანხმდებით, რომ საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაში მდგრადობის შენარჩუნებისთვის გარკვეული ცვლილებები და რეფორმა აუცილებელი იყო
გასაგებია, რომ ადამიანები ერთი სტილით მუშაობას არიან მიჩვეული და ცოტა დისკომფორტს ქმნის წესების ცვლა, თუმცა ყველა შევთანხმდით, რომ საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაში მდგრადობის შენარჩუნებისთვის გარკვეული ცვლილებები და რეფორმები აუცილებელი იყო, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დეპუტატების მიერ დასმულ კითხვას, რომელიც კერძო კლინიკებთან პრემიერის შეხვედრისას განხილულ საკითხებს შეეხებოდა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ეს იყო ძალიან კარგი შეხვედრა, რომელზეც შედგა საკმაოდ ღია, გულწრფელი დიალოგი და იყო კრიტიკაც.
„ორი ძირითადი დაპირება გავეცი – სახელმწიფოს მხრიდან ბიუჯეტის გადახდების დაგვიანება იყო ზოგ შემთხვევაში ხუთი-ექვსი თვე, ეს თემა ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად დეტალურად შევისწავლეთ და გარწმუნებთ, რომ იქ იყო განსხვავებული მიდგომები სხვადასხვა კომპანიასთან. ზოგს ორი თვე ჰქონდა, ზოგს – ექვსი თვე. ამას დრო სჭირდებოდა. წელს იქნება პირველი წელი, როდესაც ჯანდაცვის სისტემა, ყველა ეს ჰოსპიტალი, 12 თვის განმავლობაში 13 თვის ანაზღაურებას მიიღებს. პროგრესი უკვე მიმდინარეობს, სამი თუ ოთხი თვეა იქ უკვე დარჩენილი, ერთი თვე უკვე შევამცირეთ და წლის ბოლომდე, მაშინ, როდესაც ეს ხალხი გულწრფელად მხარში გვიდგას კოვიდ-19-თან ბრძოლის ნაწილში, ეს საკითხი მოგვარდება. შეიძლება არის ცალკეული დისკომფორტის შემქმნელი წუხილები, მაგრამ ამასაც ვუპასუხებთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ. პრემიერ-მინისტრის განმარტებით, მეორე თემა, რომელზეც შეთანხმება ვერ შედგა, იყო ტარიფების ნაწილი და ფასი დეფიბრილატორებზე. „იმისთვის, რომ ეს პრობლემა გვერდზე გაგვეწია და არ გამხდარიყო სამინისტროსა და ბიზნესს შორის კონფლიქტის საგანი, შევთანხმდით, რომ ჯანდაცვის სამინისტრო შესყიდვების მექანიზმით საუკეთესო დეფიბრილატორებს თვითონ შეიძენს და ეს რომ დავის საგანი არ გახდეს, სტაციონარებსა და კარდიოლოგიურ კლინიკებს დაურიგებს, რაც უნდა გახდეს გარკვეული კომპრომისული ვარიანტი. ჯანდაცვის სამინისტრომ უკვე მოახდინა ამ დეფიბრილატორების იდენტიფიცირება, ახლა გადაუდებელი წესით მიმდინარეობს შესყიდვები. შესაძლოა, ეს დროში გაიჭიმა, მაგრამ სისტემური რეფორმაა, რომელმაც უნდა შეგვინარჩუნოს საყოველთაო ჯანდაცვის მიღწევები. ეს იქნება მტკივნეული, არ იქნება მარტივი, ცოტა კერძო სექტორმა უნდა დათმოს, ცოტა – სახელმწიფომ და ასე საბოლოო შედეგამდე მივალთ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.