გიორგი გახარია - სისტემა გახდა ჰუმანური, რაც არის პირველადი მიღწევა, მაგრამ ვერ გახდა მოკლე დროში შესაბამისად ეფექტური
გიორგი გახარია - სისტემა გახდა ჰუმანური, რაც არის პირველადი მიღწევა, მაგრამ ვერ გახდა მოკლე დროში შესაბამისად ეფექტური

დღეს სამართალდამცავ სისტემაში ხდება მარტივი რამ, ჩათვალეთ, რომ მართლმსაჯულების ერთიანი სისტემის შექმნა ხდება ახლა, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ევროპული საქართველოს“ ლიდერის გიგა ბოკერიას კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

დეპუტატი დაინტერესდა როგორ შეაფასებდა ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომ გაგებით მოვეკიდოთ კრიმინალის ზრდას, რაზეც მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ განცხადებას გაგებით ეკიდება.

„გაგებით ვეკიდები და აგიხსნით რატომ. დღეს სამართალდამცავ სისტემაში ხდება მარტივი რამ, ფაქტობრივად ჩათვალეთ, რომ მართლმსაჯულების ერთიანი სისტემის შექმნა ხდება ახლა. იდეალურზე არ ვსაუბრობთ, ვსაუბრობთ რაღაც სტანდარტზე, სასამართლოში მტკიცებულების სტანდარტი, პროკურატურის მუშაობის სტანდარტი და კიდევ ბევრი რამ. რეალურად ჩვენ კარგად გვესმის, რომ სისტემა გახდა ჰუმანური, რაც არის პირველადი მიღწევა, რაც არის კონცეპტუალური მიღწევა. სისტემა ვერ გახდა მოკლე დროში შესაბამისად ეფექტური. ამ დისბალანსმა ჰუმანურობის გაზრდასა და ეფექტურობის ვერ დაწევას შორის, გამოიწვია ის, რასაც თქვენ ეძახით კრიმინალის ზრდას და შემდგომ აბსოლუტურად პოლიტიკურ კონტექტსში ამბობთ, რომ იყო, რომ გაგებით მოეკიდეთ. მე ამას ვუყურებ და ასე აღვიქვამ, მივიჩნევ, რომ ეს არის ობიექტური რეალობა და აქ გასაკვირი არაფერია. სისტემის სწრაფ ჰუმანიზაციას ეფექტურობა ვერ დაეწია მივიღეთ გეპი და მივიღეთ ის რაც მივიღეთ. შესაბამისად, ეს ყველაფერი რაც თქვენ ბრძანეთ ჩემთვის არის გასაგები”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.