სერგი კაპანაძე - გიორგი გახარიას არ გამოუვა, სადღაც თვალის ჩაკვრით და მეორეგან გაღიმებით თავი აარიდოს მნიშვნელოვან კითხვებს
სერგი კაპანაძე - გიორგი გახარიას არ გამოუვა, სადღაც თვალის ჩაკვრით და მეორეგან გაღიმებით თავი აარიდოს მნიშვნელოვან კითხვებს

„ევროპული საქართველოს“ წევრი სერგი კაპანაძე, რომელიც ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიას ხელმძღვანელობდა, აცხადებს, რომ ხვალ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას აღნიშნულ საქმეზე არსებულ ყველა პასუხგაუცემელ კითხვას დაუსვამს. ამის შესახებ სერგი კაპანაძემ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამასთან, ზაზა სარალიძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„დღეს ზაზასთან ვისაუბრეთ ამ საქმეზე. ხვალ შინაგან საქმეთა მინისტრი მოდის პარლამენტში, რომელიც რამდენჯერმე არ მოვიდა, მიუხედავად ჩვენი დაბარებისა. შინაგან საქმეთა მინისტრს არ გაუცია პასუხები იმ კითხვებზე, რომ​ლებიც საგამოძიებო კომისიამ დაუსვა. კონკრეტულად იმაზე, რატომ არ არის დაწყებული გამოძიება პროკურატურის თუ შინაგან საქმეთა სამინისტროში იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ამ საქმის გაყალბებაში მონაწილეობდნენ. რატომ არ არის დამატებითი გამოძიება დაწყებული მირზა სუბელიანის ქმედებებში რა დანაშაულებრივი ქმედებებიც გამოიკვეთა იმ საქმეზე, რატომ არ არის ბრალი წაყენებული“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

მისივე თქმით, ზაზა სარალიძეც იზიარებს მის პოზიციას და აღნიშნული კითხვები მასაც აქვს.

„დღეს, როგორც ჩანს, შსს-სა და ხელისუფლების დამოკიდებულება არის, გადაავადოს ამ კითხვებზე პასუხის გაცემა. იმედი აქვთ, რომ საზოგადოებრივი ყურადღება მოდუნდება ამ თემის მიმართ. ჩვენ ამას არ დავუშვებთ. ხვალ ყველა ამ კითხვას დავუსვამ შინაგან საქმეთა მინისტრს და ველით მისგან პასუხებს. მას არ გამოუვა, სადღაც ერთგან თვალის ჩაკვრით და მეორეგან გაღიმებით, ასე გაძრომ-გამოძრომით თავი აარიდოს და არ გასცეს პასუხი ყველაზე მნიშვნელოვან კითხვებს“, – აღნიშნა სერგი კაპანაძემ.