გიორგი გახარია ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს ხვდება
გიორგი გახარია ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს ხვდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მთავრობის ადმინისტრაციაში კლინიკების წარმომადგენლებს ხვდება. აუდიენცია მედიისთვის დახურულია, თუმცა როგორც შეხვედრის დაწყებამდე მედიკოსებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, განხილვის მთავარი თემა 21 ნოემბერს ამოქმედებული რეგულაციები იქნება. როგორც სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ამბობენ, მათი მთავარი მოთხოვნა, რომელსაც პრემიერ-მინისტრის წინაშე დააყენებენ, არის ის, რომ მინიმუმ ექვსი თვით შეჩერდეს 520-ე დადგენილება, რათა უკეთ მოხდეს ტარიფების დაანგარიშება.

„ჩვენი თხოვნა ჯანდაცვის სამინისტროს და ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვისაც ხელეწიფება პრობლემის მოგვარება არის ის, რომ დროებით შევაჩეროთ დადგენილება და შესაბამისად თავიდან, სპეციალისტებთან ერთად მოვახდინოთ გადათვლა, კლინიკებმა გააგრძელონ მუშაობა ისე, როგორც აქამდე მუშაობდნენ. წინა კვირაში გვქონდა შეხვედრები. გვაქვს მოლოდინი, რომ დადგენილება გადაიხედება. ჩვენ გავაგრძელეთ მუშაობა. მწვავე პაციენტებს, რა თქმა უნდა, ვიღებთ, ვიღებთ იმ პაციენტებს, ვისზეც მანამდე საგარანტიო წერილები გვაქვს გაცემული. შემდგომი გეგმიური მუშაობა არის შეფერხებული, რადგან არ ვიცით, როგორ გავაგრძელოთ, სანამ არ გავიგებთ შეთანხმება იქნება თუ არა მიღწეული“, – განაცხადა ჯოენის სახელობის სამედიცინო ცენტრის წარმომადგენელმა, ვახტანგ ლაშხმა.

ხეჩინაშვილის საუნივერსიტეტო კლინიკისა და ინტერვენციული კარდიოლოგიის საზოგადოების წარმომადგენლის, შალვა რცხილაძის თქმით, ახალი რეგულაციები მოუმზადებლად და გაუთვლელად მიიღეს.

„520-ე დადგენილება, რომელიც, ჩვენი აზრით, მოუმზადებლად და გაუთვლელად იქნა მიღებული, როგორც მინიმუმ შეჩერდეს, სანამ არ იქნება მიღწეული კონსენსუსი იმ გაუაზრებელ ტარიფებთან დაკავშირებით, რომლებიც არ გვაძლევს საშუალებას, ელემენტარული პროცედურები ჩავატაროთ ხარისხიანად. ტარიფების დაკორექტირებაზე თანახმა ვართ, არ ვართ წინააღმდეგნი, რომ მოხდეს ტარიფების გათანაბრება, მაგრამ ეს უნდა იყოს კარგად დათვლილი, დაანგარიშებული, შეთანხმებული პროფესიულ საზოგადოებასთან, კლინიკებთან. გარდა ამისა, ეს არ არის ის პირველი ნაბიჯი, რითაც უნდა დაწყებულიყო რეფორმის გატარება. ჯერ უნდა ყოფილიყო მინიმალური სტანდარტების დადგენა, შემდეგ სელექტიური კონტრაქტირება და მხოლოდ ამის შემდეგ ტარიფების დადგენა“ – განმარტა შალვა რცხილაძემ.

მედიკოსების განცხადებით, 21 ნოემბრის შემდეგ ისინი გადავიდნენ ახალი ტარიფებით მომსახურებაზე, თუმცა ამან სერიოზული პრობლემები შეუქმნა როგორც კლინიკებს, ისე პაციენტებს. მათი განცხადებით, ამ ეტაპზე ისინი მხოლოდ მწვავე პაციენტებს ემსახურებიან და გეგმიური ოპერაციები შეჩერებულია.

„ამ ეტაპზე ჩვენ გვინდა შეჩერება მინიმუმ ექვსი თვით, რათა ცივილურად მოხდეს გადასვლა. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ არავინ არის წინააღმდეგი გათანაბრების სისტემის, ასევე კონტრაქტირების, მაგრამ ამას უნდა კომუნიკაცია და სწორი დაგეგმვა. ჯანდაცვა ძალიან რთული სფეროა და ეს გამოიწვევს ხარისხის დაცემას და სამწუხაროდ, პაციენტების გარდაცვალებას. ამ წუთში ჩვენ, ვინაიდან ექიმები ვართ და მე პირადად ჰიპოკრატეს ფიცი მაქვს დადებული, ცხადია, რომ მწვავე პაციენტს ვმკურნალობთ ჩვენს ხარჯზე, მაგრამ გეგმური ოპერაციები შეჩერებულია“, – განაცხადა „პინეო სამედიცინო ეკოსისტემის“ წარმომადგენელმა, ზაზა სინაურიძემ.

საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტის, ალექსანდრე ალადაშვილის თქმით, ახალ რეგულაციაში ისეთი მოცულობის ტარიფებია, რომლითაც ნორმალური მუშაობა შეუძლებელია.

„ვმუშაობთ ახლა ამ ტარიფებით, მაგრამ რა შედეგებს მოგვცემს, უკვე კლინიკის ადმინისტრაცია ამბობს, რომ ზარალია“, – აღნიშნა საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტმა, ალექსანდრე ალადაშვილმა.

როგორც ცნობილი გახდა, შეხვედრა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან პრემიერ-მინისტრის ინიციატივით ჩაინიშნა. საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძეც ესწრება.

მიმდინარე წლის 21 ნოემბერს ძალაში შევიდა მთავრობის 520-ე დადგენილება, რომლის თანახმად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მონაწილე კლინიკებისთვის კარდიოლოგიისა და რეანიმაციის სერვისებზე ტარიფები გათანაბრდა. აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ კერძო კლინიკების ხელმძღვანელთა უკმაყოფილება გამოიწვია. მათი თქმით, სამინისტროს მიერ დადგენილი დაბალი ტარიფები პაციენტების ხარისხიან მომსახურებას და კლინიკების გამართულ ფუნქციონირებას ვერ უზრუნველყოფს.