გიორგი გახარია - დაძაბულობის დაწყებამდე პანკისის ხეობაში 35 პოლიციელის გარდა არავინ ყოფილა, ესაა ფაქტი და შეგიძლიათ გადაამოწმოთ
ჰქონდა თუ არა პოლიციის მხრიდან ადგილი უფლებამოსილების გადამეტებას, ჩვენ აქ აბსოლუტურად ტრანსფარენტულად ვიქცევით და მოვიქცევით, რადგან კრიტიკულად მნიშვნელოვანია, დავადგინოთ სრული ჭეშმარიტება, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ პანკისის ხეობაში გუშინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.
„პანკისში დილით, 08:00 საათზე წყნარად, მშვიდად იმყოფებოდა კახეთის სამხარეო პოლიციის 35 თანამშრომელი, რადგან უზრუნველყოფილიყო მშენებლების უსაფრთხოება, რისი თხოვნითაც ოფიციალურად მოგვმართა ეკონომიკის სამინისტრომ. შევიდნენ ამ ლოკაციაზე. მას შემდეგ, რაც მათზე განხორციელდა თავდასხმა, რა თქმა უნდა, მოხდა დამატებითი ძალის მობილიზება.
ჰქონდა თუ არა პოლიციის მხრიდან ადგილი უფლებამოსილების გადამეტებას, ჩვენ აქ აბსოლუტურად ტრანსფარენტულად ვიქცევით და მოვიქცევით, რადგან ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, დავადგინოთ სრული ჭეშმარიტება.
დაძაბულობის დაწყებამდე 35 პოლიციელის გარდა ხეობაში არავინ ყოფილა. ესაა ფაქტი და შეგიძლიათ გადაამოწმოთ“,- განაცხადა გახარიამ.
პანკისის ხეობაში გუშინდელი დაპირისპირების შედეგად სამედიცინო დახმარება 55 ადამიანს დასჭირდა, მათ შორის 38 სამართალდამცველი და 17 ადგილობრივი იყო.
პანკისის ხეობაში, სადაც ჰესის მშენებლობას აპროტესტებდნენ, ადგილობრივ მოსახლეობასა და სპეცდანიშნულების რაზმს შორის გუშინ დაპირისპირება ორჯერ მოხდა. აქციის მონაწილეებმა სპეცდანიშნულების რაზმს ქვები და ჯოხები დაუშინეს, შეკრებილების წინააღმდეგ კი, სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს.
ადგილზე ჩავიდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, რომლებიც აქციის მონაწილეებს დახურულ კარს მიღმა შეხვდნენ. გიორგი გახარიამ აქციის მონაწილეებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ჰესი აშენდება მაშინ, როცა მშენებლობას მოსახლეობის 90 პროცენტი დაუჭერს მხარს. ამასთან, მისივე განცხადებით, ყველა ის ადამიანი, რომელმაც პანკისის ხეობაში ფიზიკურად იძალადა შსს-ს თანამშრომლებზე, კანონის შესაბამისად აგებს პასუხს.
პანკისის ხეობაში დაპირისპირებისას სამედიცინო დახმარება 40-ზე მეტ ადამიანს დასჭირდა, მათ შორის უმრავლესობა სამართალდამცველია. ამასთან, სოფელ ბირკიანში პოლიციელებზე თავდასხმისა და პოლიციის ტექნიკის დაზიანების ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.
პანკისის ხეობაში მცირე ჰესის „ხადორი-3“-ის მშენებლობას კომპანიები „ალაზანი ენერჯი“ და „ფერი“ გეგმავენ. აღნიშნულმა კომპანიებმა დღეს განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნულია, რომ ჰიდროელექტროსადგური, რომლის სიმძლავრეც 5,4 მგვტ-ია, ახმეტის მუნიციპალიტეტში, მდინარე ალაზანზე აშენდება.