გიორგი გაჩეჩილაძე - გასაგებია კონგრესი და ამ ოთხ დეპუტატს ძალიან დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ეს რაღაც, ერთი ხელის ნიშანია
გასაგებია კონგრესი და ამ ოთხ დეპუტატს ძალიან დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ეს რაღაც, ერთი ხელის ნიშანია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ფრაქცია „ქართული ოცნება-მწვანეების“ თავმჯდომარემ, გიორგი გაჩეჩილაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ტრიბუნა“ განაცხადა.
„მოგეხსენებათ, აქ ჩამოსული იყო ევრონესტის დელეგაცია. მე ვარ საქართველოს მხრიდან ევრონესტის წევრი. ეს არის ევროპარლამენტთან ურთიერთობის ასე ვთქვათ, ჯგუფები. იქაც დაახლოებით, იმის მცდელობა იყო, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ 84-კაციანი სია შემოეტენა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, თითქოს, საქართველოში 84 პოლიტპატიმარია, რაც უზარმაზარი სიყალბეა. იქ დარიგდა ეს ინფორმაცია. კიდევ კარგი, ჩვენ იქ ვიყავით, გავშიფრეთ და ყველა მიხვდა, რომ ეს მცდარი იყო. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ დაახლოებით ამდაგვარი მინიშნება არის ამ ოთხი კონგრესმენის რეზოლუციაშიც“, – განაცხადა გაჩეჩილაძემ.
მისი თქმით, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია თუნდაც, ერთი კონგრესმენის განცხადებაც, თუმცა, აშშ-ის კონგრესში 530-მდე კონგრესმენია და მთავარი ის ერთსულოვნებაა, რომელიც იმ ორპარტიულ გადაწყვეტილებებთან არის დაკავშირებული, რასაც სახელმწიფო იღებს სახელმწიფოსთან დაკავშირებით.
„მხედველობაში მაქვს ის ფაქტი, როდესაც ცოტა ხნის წინ, მიღებულ იქნა ორპარტიული რეზოლუცია, რომელშიც პირდაპირ ჩამოყალიბდა ის ძირითადი დირექტივები აშშ-ის ადმინისტრაციისთვის, თუ როგორ უნდა მოიქცეს აშშ-ის ხელისუფლება საქართველოს მიმართ და როგორ უნდა დააჩქაროს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმება. ამავე რეზოლუციაში წერია ის, რომ საქართველოს თავდაცვის სისტემა ძალიან სერიოზულ ფინანსურ დახმარებას მიიღებს, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება უნდა დაჩქარდეს და ა.შ“, – განაცხადა გაჩეჩილაძემ.
როგორც ფრაქცია „ქართული ოცნება-მწვანეების“ თავმჯდომარემ აღნიშნა, ეს რეზოლუცია ერთ-ერთი სერიოზული პოლიტიკური მოვლენაა არა მხოლოდ საქართველო-აშშ-ის ურთიერთობაში, არამედ გლობალური მასშტაბის და აშშ-ის მხრიდან ასეთი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია.
მისივე თქმით, ოთხი კონგრესმენის განცხადებაში ერთ-ერთი საკითხი იყო ეკონომიკური ხასიათის შეფასება, რომელიც აბსოლუტურად არ შეესაბამება იმ რეალობას, რომელიც საქართველოს ეკონომიკურ ზრდასთან არის დაკავშირებული.
„მე არ ვიცი, ეს ინფორმაცია მათ ვინ მიაწოდა. ჩვენ ახლა 6%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, როცა წლების განმავლობაში 4-4,8%-იანი ზრდა გვქონდა. არ ვიცი, ეს ეკონომიკური სტაგნაციის პროფილი საიდან მოიტანეს“, – განაცხადა გაჩეჩილაძემ.
გიორგი გაჩეჩილაძე კონგრესმენთა განცხადებაში მოხსენიებულ ანაკლიის პორტის საკითხსაც შეეხო.
„როდესაც სახელმწიფომ კონსორციუმს ინვესტორის შემოყვანა მოსთხოვა, მათ „მერიდიან კონსალტინგი“ შემოიყვანეს, რომელიც აღმოჩნდა არა ბრიტანული ფირმა, როგორც თავად თქვეს, არამედ ყაზახური, რომლის ერთ-ერთ ძირითად მოწილეს რუსეთში თვრამეტი აეროპორტი აქვს ნაყიდი და პუტინის უახლოეს ჯგუფთან არის დაახლოებული. აი, რა შემოჰყავდათ სინამდვილეში. „ფონტერასთან“ და ანაკლიასთან დაკავშირებული თემა იმიტომ მომყავს, რომ როდესაც აშშ-ის ოთხი ცნობილი, ჩვენგან პატივსაცემი კონგრესმენი თავის განცხადებაში ასეთ რაღაცას მოიხსენიებს, ის ინფორმირებული არ არის, სინამდვილეში რაშია საქმე და კარგი იქნება, ვინმემ სწორი ინფორმაცია მიაწოდოს“, – განაცხადა გიორგი გაჩეჩილაძემ.