გიორგი გაჩეჩილაძე - უდიდესია გერმანიის მთავრობის დახმარება საქართველოს ტყის რეფორმის განხორციელებაში
გიორგი გაჩეჩილაძე - უდიდესია გერმანიის მთავრობის დახმარება საქართველოს ტყის რეფორმის განხორციელებაში

პირველი შემთხვევა არ არის, რომ გერმანიის ხელისუფლება აქტიურად ეხმარება საქართველოს ეკოლოგიური სიტუაციის გაუმჯობესებაში და მსურს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო გერმანიის მთავრობას – განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრმა გიორგი გაჩეჩილაძემ პარლამენტში „ტყის კოდექსის“ საბოლოო – მესამე მოსმენით განხილვისას.

„ჩვენ როდესაც მწვანეთა პარტიის მეშვეობით ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკს ვაკეთებდით, მაშინ სწორედ გერმანიის გრანტით გაკეთდა ეს უზარმაზარი, უმნიშვნელოვანესი პროექტი საქართველოს ტერიტორიაზე. ახლაც მინდა გავიმეორო, რომ დიდი მადლობა მათ, რომ ეს რეფორმა – ტყის რეფორმა, რომელიც ჩვენ მწვანეთა პარტიამ დავიწყეთ 1999 წლიდან, ახლა სრულდება და საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ის 40% ტერიტორიის, რომლებიც საქართველოს ტყეებს უკავია, დღეის შემდეგ, როდესაც ეს კანონი შევა ძალაში, იქნება განსაკუთრებულად დაცული“, – განაცხადა გიორგი გაჩეჩილაძემ.

მისი თქმით,  კოდექსის ამოქმედებისთანავე, ტყეში სამეურნეო საქმიანობას მთლიანად განახორციელებს სახელმწიფო და ის მავნე პრაქტიკა, რომელიც იყო ქვეყანაში და რომლის მიხედვით ტყეები უცხო ქვეყნების იურიდიულ პირებს გადაეცემოდათ, საერთოდ აიკრძალება.

„მაგალითს მოგიყვანთ: 2006-12 წლებში წინა ხელისუფლების მიერ დაშვებული იყო მრავალწლიანი,  20-წლიანი  იჯარები, დაახლოებით 166 ათასი ჰექტარი იყო გადაცემული სხვადასხვა ქვეყნის იურიდიულ პირზე, რომელთაც გაანადგურეს საქართველოს ტყის მასივები. დღეს ეს პრაქტიკა აღარ არსებობს საქართველოში,  2014 წლიდან ჩვენ ეს ავკრძალეთ, ამ ახალი კანონით საერთოდ იკრძალება ასეთი პრაქტიკა ქვეყანაში. დიდი მადლობა ყველას ამ დიდი რეფორმისათვის, ამ ეკოლოგიური რევოლუციისთვის“, – განაცხადა გიორგი გაჩეჩილაძემ.​